ლერი ხაბელოვი
Aa
Aa

ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვს უმასპინძლა

დასასრულს უახლოვდება იტალიაში (ფრიული, ვენეცია, ჯულია) მიმდინარე რიგით მე-16 ევროპის ახალგაზრდობის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი. შემდგომ ევროპულ ოლიმპიურ ფესტივალს-2025 წლის თებერვალში უმასპინძლებს საქართველო (ბაკურიანი, თბილისი, ბათუმი).

მომავალი ფესტივალის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას მიეძღვნა ქალაქ ტრიესტში (იტალია) გამართული შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი, გენერალური მდივანი რაფაელე პანიოცი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ,, ბორჯომ-ბაკურიანი 2025-ის’’ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელი, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური, ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი და ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე.

სპიროს კაპრალოსმა მიესალმა რა სტუმრებს მადლიერება გამოხატა, რომ მორიგ ევროპულ ფესტივალს საქართველო უმასპინძლებს. ,, გილოცავთ ფესტივალზე გუშინ მოპოვებულ ვერცხლის მედალს, ჩვენ კარგად ვიცით თუ რა მაღალ დონეზეა სპორტის რამდენიმე ზაფხულის სახეობა თქვენთან, ვიცით თქვენი სპორტსმენების წარმატების შესახებ ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ევროპულ თამაშებზე. ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში გექნებათ წარმატებები სპორტის ზამთრის სახეობებშიც - საფესტივალო ინფრასტრუქტურის შექმნა და თავად ფესტივალის ჩატარება ერთგვარი სტიმული იქნება თქვენს ქვეყანაში ზამთრის სპორტის განვითარებისათვის. საქართველო და ბაკურიანი იმიტომაც შეირჩა, რომ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ჰყავს ძლიერი და გამოცდილი ხელმძღვანელობა, რომ ამ გუნდმა წარმატებით ჩაატარა 2015 წელს ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალი. ჩვენ გვჯერა თქვენი და მივესალმებით, რომ თქვენს გვერდითაა ქვეყნის მთავრობა და პირადად პრემიერ-მინისტრი “ - აღნიშნა სპიროს კაპრალოსმა.

ლერი ხაბელოვმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოში ფესტივალის ჩატარება შესაძლებელი გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით და მონაწილეობით. ,,ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სამ ადგილმდებარეობაზე მასშტაბური და კომპლექსური სპორტული ღონისძიებების ჩატარება რთული იქნება. მითუმეტეს, როცა დროის მოკლე მონაკვეთში შესაქმნელია შესაბამისი საფესტივალო ინფრასტრუქტურა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ სათანადოდ მოვემზადებით და კარგად ჩავატარებთ ფესტივალს. ამ რწმენას მიმყარებს 2015 წელს თბილისში წარმატებით ჩატარებული ზაფხულის ევროპული ფესტივალის გამოცდილება. საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრის თეა წულუკიანის, დედაქალაქ თბილისის მერიის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, დარგობრივი სამსახურებისა და უწყებების ხელმძღვანელების მხარადჭერა და თანადგომა. რათქმაუნდა ჩვენ თქვენი დიდი იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ ასე იქნება “ - აღნიშნა ლერი ხაბელოვმა.

მამუკა ხაბარელმა ისაუბრა ,,ბორჯომ-ბაკურიანი-2025 “-ის საორგანიზაციო კომიტეტის ფორმირებასა და მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. საფესტივალო კონტრაქტის ხელმოწერის ორგანიზებაზე ,, კონტრაქტის ტექსტი ყველა მხარესთან შეთანხმებულია. ხელმოწერაც ახლო მომავალში გაიმართება საქართველოში“ - აღნიშნა მამუკა ხაბარელმა.

,,დიდი პატივია, რომ ჩვენს რეგიონში კერძოდ ბაკურიანში ორი წლის შემდეგ ჩატარდება ევროპული ფესტივალების გახსნა-დახურვის ცერემონიალები და პროგრამით გათვალისწინებული ყველა შეჯიბრება ღია თოვლზე. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რომ კონტინენტის ჭაბუკმა სპორტსმენებმა ბაკურიანში თავი იგრძნონ კომფორტულ ატმოსფეროში, მიეცეთ მათი საუკეთესო სპორტული შედეგების ჩვენების შესაძლებლობა და დაუბრუნდნენ მშობლიურ ქვეყნებს მდიდარი პოზიტიური შთაბეჭდილებებით. ხვალ კი მზად ვართ მივიღოთ საფესტივალო დროშა“ -აღნიშნა ოთარ არბოლიშვილმა.

ეკატერინე ორჯონიკიძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა ბაკურიანზე. მის მდიდარ სპორტულ ტრადიციებზე. ,, კარგი იქნება თუ საფესტივალო კონტრაქტზე ხელმოწერის თარიღი დაემთხვევა თებერვლის მეორე ნახევარსა და მარტის დასაწყისში ბაკურიანში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილის, სნოუბორდსა და ფრისკში. სიამოვნებით ვეპატიჟებით ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელობას მსოფლიოს ჩემპიონატზე- თქვენც უშუალოდ მოინახულებთ იმ ტრასებსა და ადგილებს, სადაც 2025 წელს ჩატარდება საფესტივალო შეჯიბრებები“ - აღნიშნა ეკატერინე ორჯონიკიძემ.

ხვალ, 28 იანვარს ქალაქ უდინეში იტალიაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე საფესტივალო დროშა გადაეცემა საქართველოს წარმომადგენლებს.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სუპატაშვილის ვერცხლის მედალი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე
სუპატაშვილის ვერცხლის მედალი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე