„მეც ევროპელი ვარ, აქ უნდა ვიყო“ - მერაბის კომენტარი UFC-ის პოსტზე
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC Europe-ის ფეისბუქ გვერდზე განთავსებულ ფოტოზე, რომელზეც ევროპელი მებრძოლები არიან წარმოდგენილი, კომენტარი დატოვა. „მანქანამ“ განაცხადა, რომ ფოტოზე ისიც უნდა იყოს და მას გიგა ჭიკაძე დაეთანხმა.
„მეც ევროპელი ვარ. აქ სადღაც ჩემი სურათიც უნდა იყოს“, - განაცხადა დვალიშვილმა.
დვალიშვილს ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა და ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ მერაბის გარდა, ფოტოზე რაკიჩი, ილია თოფურია და სხვები უნდა იყვნენ გამოსახული. მათ პედი პიმბლეტი, მოლი მაკკენი და კონორ მაკგრეგორი უნდა ჩაანაცვლონ, რადგან პიმბლეტი და მაკკენი ტოპ 15-ის წევრი არ არიან, ირლანდიელს კი 3 წელია UFC-ში არ მოუგია.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ლეგენდარული ჟოზე ალდოს წინააღმდეგ გამართა. „მანქანამ“ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა და წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ამ წუთისთვის, მესამეა.