ინტერთან და რომასთან არ იქნება - ლოჩოშვილი კვლავ ტრავმირებულია
CrystalSport-ის ცნობით, ლუკა ლოჩოშვილმა ტრავმის შემდეგ ვარჯიში განაახლა, თუმცა ტკივილი იგრძნო და კვლავ პაუზა აიღო. 24 წლის მცველი უახლოეს ორ კვირაში „კრემონეზეს“ ვერ დაეხმარება, რაც ნიშნავს, რომ უახლოეს სამ შეხვედრაში ვერ ითამაშებს.
ლუკა სერია ა-ში მილანის „ინტერთან“ (28 იანვარი) და „ლეჩესთან“ (4 თებერვალი) შეხვედრებს გამოტოვებს. ასევე, იტალიის თასზე „რომასთან“ (2 თებერვალი) დაპირისპირებაშიც ვერ იასპარეზებს. ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობით, გუნდურ ვარჯიშს დაახლოებით ორ კვირაში განაახლებს.
ლუკამ ტრავმის გამო ორი მატჩი უკვე გამოტოვა: იტალიის თასზე „ნაპოლისთან“ და სერია ა-ში „ბოლონიასთან“. მას ახალი მთავარი მწვრთნელის, დავიდე ბალარდინის ხელმძღვანელობით ჯერ არ უთამაშია. ბალარდინის მოსვლის შემდეგ კრემონულმა გუნდმა ორი შეხვედრა ჩაატარა, იტალიის თასიდან „ნაპოლი“ გამოთიშა, სერია ა-ში კი „ბოლონიასთან“ ფრედ ითამაშა (1:1).
შეგახსენებთ, გასულ ზაფხულში ლუკა „ვოლფსბერგერიდან“ 1,6 მილიონი ევროს სანაცვლოდ „კრემონეზეში“ გადავიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი სერია ა-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, მის აქტივში 14 მატჩში 1 საგოლე პასია. ლუკა მაღალ დონეზე თამაშობს, დამაჯერებლობითა და საიმედოობით გამოირჩევა. 18 ტურის შემდეგ სერია ა-ში „კრემონეზე“ 8 ქულით მე-20 ადგილზეა, „სამპდორიას“ 2 ქულით ჩამორჩება, „ვერონას“ - 4 ქულით, „სასუოლოს“ კი - 9 ქულით.