ალვეშის ცოლმა ინსტაგრამიდან მასთან ერთად არსებული ყველა ფოტო წაშალა
ახალი ამბავი არ არის, რომ დანი ალვეშს ბრალს ქალზე ძალადობაში სდებენ. ბრაზილიელი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება და თან მას საქმის გამოძიებამდე გირაოს სანაცვლოდ ციხიდან გამოსვლაც არ შეუძლია.
როდესაც ალვეში დააკავეს, პირველ დღეებში მისი მეუღლე მას თანადგომას უცხადებდა და ბრალდების არ სჯეროდა, თუმცა ბოლო 48 საათში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. Marca-ს ცნობით, ჟოანა სანსმა ინსტაგრამიდან დანისთან ერთად ყველა ფოტო წაშალა, მათ შორის ქორწინების სურათებიც.
სანსი ალვეშზე 2017 წლიდან არის დაქორწინებული. იქამდე მას კიდევ ერთი ქორწინება ჰქონდა - დინორა სანტანასთან - 2008 წლიდან 2011 წლამდე.
გოგონამ, რომელიც ალვეშს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, კომპენსაციაზე უარი თქვა და მას მხოლოდ დანის ციხეში ხილვა სურს.
აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელმა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები უკვე არაერთხელ მისცა, რაც მის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
ბრაზილიელს 4-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.