მოლ ფეჰერვარის თავკაცი: „ბუდუმ კლუბი უნდა დატოვოს, მიუღებელია, რაც გააკეთა“
„მოლ ფეჰერვარის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰუსტი შაბოლჩმა ბუდუ ზივზივაძეზე მოკლედ ისაუბრა. უნგრელ სპეციალისტის კლუბის სამომავლო გეგმებზე ჰკითხეს და მან განაცხადა, რომ არის შანსი, ქართველმა ფეხბურთელმა „მოლ ფეჰერვარი“ უახლოეს დღეებში დატოვოს.
„ზივზივაძე არასწორად მოიქცა და ეს მიუღებელია. მან კლუბი უნდა დატოვოს და ველით, რომ მომავალში ჩვენთან ერთად არ იქნება. ვითარების შეცვლა გვსურს და შესაძლოა, იგი მომდევნო დღეებში წავიდეს“.
შეგახსენებთ, რომ „მოლ ფეჰერვარმა“ ზივზივაძის გაშვება „უიპეშტთან“ მატჩის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო გადაწყვიტა. ბუდუს ქმედებებმა „მოლ ფეჰერვარის“ გულშემატკივრები განარისხა. ქართველმა თავდამსხმელმა „უიპეშტის“ ფეხბურთელს მაისური გაუცვალა, შემდეგ მათი სათადარიგოთა სკამისკენ გაემართა და ბოლოს სტუმართა ქომაგებს ხელიც დაუქნია, სტადიონის დატოვებისას კი „უიპეშტის“ მაისური ეცვა.
„უიპეშტთან“ მატჩის შემდეგ „მოლ ფეჰერვარმა“ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც, კლუბის, ქომაგებისა და თანაგუნდელების მიმართ გამოხატული უპატივცემულობის გამო ზივზივაძე მეორე გუნდში დააქვეითეს. თავისი ქმედებების გამო, ზივზივაძემ კლუბს და მის ქომაგებს ბოდიში მოუხადა, თუმცა ამან ვითარება ვერ შეცვალა.