თოფურია: „მაკგრეგორს მეორე რაუნდში დავაფინიშებ, ჰოლოუეის - პირველში“
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ესპანელ ჟურნალისტს, ალვარო კოლმენეროს ინტერვიუ მისცა და საკუთარ კონკურენტებზე ისაუბრა. „ელ მატადორმა“ მოვსარ ევლოევს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო და განაცხადა, რომ რუსს მასთან შანსი არ აქვს.
„დავთანხმდები თუ არა რეიტინგზე ჩემზე დაბლა მყოფ მებრძოლთან ჩხუბს იმ პირობით, რომ გამარჯვების შემთხვევაში, სატიტულო ბრძოლას მივიღებ? ალბათ, კი, თუმცა UFC-ის ჩემთვის წინადადებით არ მოუმართავს. ევლოევი ერთ-ერთი ვარიანტია, მაგრამ მასთან ჩხუბი არ შემოუთავაზებიათ. მოვსარი საშინელი მებრძოლია და ტოპ 15-ში, ჩემთვის ყველაზე მარტივი მეტოქეა. არ ვიცი, ამდენს რატომ ლაპარაკობს და ჩემი აზრით, ძალიან დაბალი დონეა. მოვსარი არის მებრძოლი, რომლის სტრაიკინგიც პატივისცემას არ იმსახურებს, რადგან მეტოქის დასანოკაუტებლად საჭირო ძალა არ აქვს. ევლოევი არის მებრძოლი, რომლის ჭიდაობა და გრეპლინგი პატივისცემას არ იმსახურებს, რადგან არ იცის, პარტერში მოწინააღმდეგე როგორ დააფინიშოს. მთელი ბრძოლის განმავლობაში, თეიქდაუნებზეა ორიენტირებული და ეს უდიდეს თავისუფლებას მომცემს. შემეძლება, ის, როგორც დგომში, ისე პარტერში დავაფინიშო და საშუალება მექნება, ჩხუბი ისე დავასრულო, როგორც ხალხი მოინდომებს“.
ინტერვიუს ბოლოს, კოლომენერომ თოფურიას 4 მებრძოლი დაუსახელა და დაინტერესდა, მათთან ჩხუბს ილია რომელ რაუნდში დაასრულებდა. „ელ მატადორის“ პასუხები ასეთი გახლდათ:
კონორ მაკგრეგორი
„კონორს მეორე რაუნდში დავაფინიშებ. მასთან ერთ რაუნდს დიდი სიამოვნებით ვიჩხუბებ და ოქტაგონზე ვიცეკვებ, რათა ხალხმა სიამოვნება მიიღოს, მეორე რაუნდში კი ყველაფერი დასრულდება“.
მაქს ჰოლოუეი
„მაქსს პირველ რაუნდში დავაფინიშებ და თან ისე, რომ ძალიან, ძალიან მაგრად ვცემ. ჰოლოუეი იქნება მებრძოლი, რომელთან ჩხუბის დროსაც, ხალხი დაინახავს, ჩემი დონე როგორ გაიზარდა და წინა ბრძოლასთან შედარებით, რამდენად მაქვს მომატებული. ჩემთვის ბევრად მარტივია მეტოქეებთან დაპირისპირება, რომლებსაც ტექნიკა აქვთ და იციან, რას აკეთებენ, ვიდრე იმ მებრძოლებთან ჩხუბი, რომლებიც ყველაფერს ედებიან და წარმოდგენა არ აქვთ, შანსს საიდან მიიღებენ“.
ალექსანდერ ვოლკანოვსკი
„მეორე რაუნდი. ის მაღალია, ბევრს მოძრაობს და შეიძლება, მე-3 რაუნდშიც გადავიდეთ. თუ დგომში იჩხუბებს, ვიტყვი, რომ ყველაფერი პირველ რაუნდში დასრულდება, მაგრამ ეს მისი სტილი არაა და ამიტომ, მეორე ან მესამე რაუნდი“.
ბრაიან ორტეგა
„პირველი რაუნდი“.
შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორს“ კარიერაში 13 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 13 მოგებაა.