2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის - The Guardian-მა კვარა გამოარჩია
საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ბრიტანული The Guardian-ის ვერსიით 2022 წლის მსოფლიოს 100 საუკეთესო მამაკაც ფეხბურთელთა შორის მოხვდა.
გამოცემამ რეიტინგის ასეული საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი მე-40 ნომრად არის განთესილი.
რას წერს The Guardian:
ხვიჩა კვარაცხელიამ სახელი ჯერ ყაზანის „რუბინსა“ და ბათუმის „დინამოში“ გაითქვა, გასული წლის ზაფხულის შემდეგ კი მან საკუთარი შესაძლებლობები უკვე რუსეთისა და საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოავლინა, როდესაც „ნაპოლიში“ გადავიდა. სერია A-ს კლუბმა მის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადა, რის გამოც ეს ტრანსფერი ბოლო პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გარიგებად ითვლება. მისი გოლების ჭექა-ქუხილმა და საგოლე გადაცემების სეტყვამ, ასევე მისმა შეუზღუდავმა ფორმამ „ნაპოლის“ ხელი შეუწყო, რომ სატურნირო ცხრილის სათავეში ასულიყო და ახლა, 1990 წლის შემდეგ პირველად, მათ სკუდეტოს მოგების უნიკალური შანსი აქვთ. მისი მეტსახელი - „კვარადონა“ უკვე ყველაფერს ამბობს. დონ დიეგოსთან შედარების მოსაპოვებლად რაღაც განსაკუთრებული გჭირდება, მან კი ეს შეძლო.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიში“ დებიუტის დღიდან, კვარამ დღემდე ყველა ტურნირზე 20 შეხვედრა ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ქართველი ფეხბურთელი თავის გუნდთან ერთად მომდევნო მატჩს 29 იანვარს, საკუთარ მოედანზე „რომას“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.