ზაგლებიესთან მოლაპარაკება დროებით შეწყდა - პრობლემა ბუდუს ფასია
ბოლო დღეებში აქტიურად განიხილება ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერი. ქართველ ფეხბურთელს „ზაგლებიეს“ უკავშირებენ. 28 წლის თავდამსხმელი პოლონურ კლუბთან მოლაპარაკებას მართავდა და ტრანსფერი საკმაოდ რეალური იყო, მაგრამ დღეს ყველაფერი შეიცვალა.
გამოცემა Wezlo.com წერს, რომ პრობლემა ზივზივაძის სატრანსფერო ღირებულებაა და მხარეები სწორედ ამაზე ვერ თანხმდებიან.
რას წერს Wezlo.com?
„ტრანსფერის პრობლემას სატრანსფერო ღირებულება ქმნის. თავის დროზე „ფეჰერვარმა“ ზივზივაძე 350 000 ევროდ იყიდა და ახლა იმედი ჰქონდა, რომ ამ ფასად ან 400 000-ად გაყიდდა. ქართველი ფეხბურთელი ანაზღაურების სახით თვეში დაახლოებით 40 000 ევროს იღებს და პრობლემას ესეც ქმნის.
„ზაგლებიე“ მისი შეძენით დაინტერესებულია, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ორივე მხარე კომპრომისზე წავა.“
შეგახსენებთ, „მოლ ფეჰერვარმა“ ზივზივაძის გაშვება მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში „უიპეშტთან“ მატჩის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო გადაწყვიტა. ბუდუს ქმედებებმა „მოლ ფეჰერვარის“ გულშემატკივრები განარისხა. ქართველმა თავდამსხმელმა „უიპეშტის“ ფეხბურთელს მაისური გაუცვალა, შემდეგ მათი სათადარიგოთა სკამისკენ გაემართა და ბოლოს სტუმართა ქომაგებს ხელიც დაუქნია, სტადიონის დატოვებისას კი „უიპეშტის“ მაისური ეცვა.
„უიპეშტთან“ მატჩის შემდეგ „მოლ ფეჰერვარმა“ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც, კლუბის, ქომაგებისა და თანაგუნდელების მიმართ გამოხატული უპატივცემულობის გამო ზივზივაძე მეორე გუნდში დააქვეითეს. თავისი ქმედებების გამო, ზივზივაძემ კლუბს და მის ქომაგებს ბოდიში მოუხადა, თუმცა ამან ვითარება ვერ შეცვალა.