ჩაკვეტაძის მაგარი გარღვევა და ლამაზი საგოლე პასი - გიოს კარგი მატჩი
ვლადიმირ ვაისის ბრატისლავის „სლოვანი“, რომლის ღირსებასაც 3 ქართველი ლეგიონერი იცავს, მოსამზადებელ ეტაპზე მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ავსტრიულ „სანქტ პელტენთან“ ფრედ 2:2 ითამაშა.
„სლოვანმა“ პირველი მატჩი სლოვაკურ „ბრნოს“ 2:1 მოუგო. ამჯერად „სანქტ პელტენთან“ სამივე ქართველი - კაშია, კანკავა, ჩაკვეტაძე ძირითადში იმყოფებოდა. პირველი ორი მათგანი მოედანზე 72-ე წუთამდე დარჩა, „ჩაკვემ“ კი სრულად ითამაშა.
69-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, ჩაკვეტაძემ საკუთარი საჯარიმოდან კონტრიერიში წამოიწყო და შესანიშნავი დრიბლინგით ორი მეტოქე ჩამოიშორა, შემდეგ ვლადიმირ ვაის უმცროსი ლამაზი პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა, რომელსაც გატანა არ გასჭირვებია - 2:1.
74-ე წუთზე მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო. ბოლოსკენ, 87-ე წუთზე ჩაკვეტაძემ კიდევ ერთხელ იაქტიურა და საჯარიმოში ერთი მცველის მოტყუების შემდეგ დაარტყა კიდეც, თუმცა მეკარემ აჯობა.
აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ ვაისმა ჩაკვეტაძეს 10-ნომრიანი მაისური მისცა და ამიერიდან „სლოვანის" ათიანი სწორედ ქართველი იქნება.
შეგახსენებთ, რომ „სლოვანი“ მომდევნო მატჩს 28 იანვარს ავსტრიის ბუნდესლიგის ლიდერ „ზალცბურგთან“ გამართავს.