მოურინიოს გეგმა - როგორ აპირებს ჟოზე კვარას შეჩერებას
ცნობილი იტალიური გაზეთი, Il Mattino „ნაპოლისა“ და „რომას“ დაპირისპირებაზე წერს და აცხადებს, რომ „ჯალოროსის“ თავკაცი, ჟოზე მოურინიო აპირებს, სიმონე ინძაგის მიბაძოს. ამ უკანასკნელმა „კვარას“ სპეციალური „გალია“ მოუმზადა და „განსაკუთრებულსაც“ იგივე გეგმა აქვს.
„მოურინიომ იხუმრა, როცა ნაპოლისა და რომას პირველი დაპირისპირების დაწყებამდე, ხვიჩას შესახებ ჰკითხეს და განაცხადა, რომ თუ კვარაცხელია ახლოს ჩაუვლიდა, დაარტყამდა. პრინციპულ შეხვედრაში ტალანტების შეჩერება მნიშვნელოვანი იქნება და მოურინიოს გალიას მარჯვენა ფლანგზე მოთამაშე გარემარბი, სავარაუდოდ, ნიკოლა ზალევსკი და მცველი, ჯანლუკა მანჩინი შექმნიან. სპალეტი ორ სხვადასხვა ტაქტიკაზე მუშაობს და ნეაპოლში ამ მატჩს უდიდესი ენთუზიაზმით ელიან“, - წერს იტალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ Repubblica-ს ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელმა გუშინ გუნდის საწვრთნელ ბაზაზე ინდივიდუალურად ივარჯიშა. „სალერნიტანასთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ გუნდს ორდღიანი დასვენების შესაძლებლობა მისცა, თუმცა კვარაცხელიამ დასვენების დღე არ გამოიყენა და გუშინ Castel Volturno-ზე ჟუან ჟეზუსთან და დემესთან ერთად ივარჯიშა. ორმატჩიანი პაუზის შემდეგ დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ხვიჩა კვარაცხელია კვირას, „რომასთან“ გასამართი მატჩისთვის მზად იქნება.
21 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში, „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარუმატებლობამ შესაძლოა მისი შანსები შეაფერხოს, თუმცა კვარაცხელიას ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მცირე შანსები მაინც რჩება.