მაიკ ტაისონს ისევ გაუპატიურებაში ადანაშაულებენ - მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს
Daily Mail-ის ინფორმაციით, ლეგენდარულ ამერიკელ მოკრივეს, მაიკ ტაისონს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. ბრიტანული გამოცემის მიხედვით, „რკინის მაიკის“ მსხვერპლმა სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის იანვარში შეიტანა და 5 მილიონ დოლარს ითხოვს. მისი თქმით, გაუპატიურების ფაქტი 1990-იან წლებში, მას შემდეგ მოხდა, რაც ტაისონს ოლბანში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში შეხვდა.
„ტაისონის ლიმუზინში ჩავჯექი, რათა ჩემი მეგობრისთვის გამევლო და წამომეყვანა. მაიკმა სხვადასხვა ადგილას შეხება მაშინვე დამიწყო და სცადა, ჩემთვის ეკოცნა. უარი რამდენჯერმე ვუთხარი და ვთხოვე, შეეწყვიტა, მაგრამ ძალადობას განაგრძობდა. შემდეგ შარვალი ჩამხადა და სასტიკად გამაუპატიურა.
მომხდარის გამო, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ემოციური ზიანი მივიღე, რასაც ახლაც ვებრძვი. საშინელი გაუპატიურების გამო, სირცხვილის, სიბრაზისა და დანაშაულის გრძნობა დამეუფლა. დეპრესია დამეწყო, საკუთარი თავის პატივისცემა დავკარგე და ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებული გავხდი. ცხოვრებისეული პრობლემები გამიჩნდა, რომლებიც არა მხოლოდ ინტიმურ კავშირს, არამედ საპირისპირო სქესის მხრიდან შეხებასაც უკავშირდება. მომხდარის გამო, ჯანსაღი ურთიერთობა არასდროს მქონია და წლების განმავლობაში ემოციურ ტკივილს, კოშმარებსა და პანიკურ შეტევებს ვუმკლავდებოდი“, - აცხადებს „რკინის მაიკის“ მსხვერპლი.
Daily Mail-ი აღნიშნული ქალბატონის ადვოკატს, დარენ სეილბექს დაუკავშირდა. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ქალბატონის სიტყვებს არ ენდო და დამოუკიდებული გამოძიება ჩაატარა, რომლის შემდეგაც დაადგინა, რომ მისი ბრალდება დამაჯერებელია.