ალჯო: „მერაბს აქვს გეგმა, რომლითაც იანს დაამარცხებს“
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ჩხუბზე ისაუბრა. „ალჯო“ დარწმუნებულია, რომ მისი მეგობარი წარმატებას მიაღწევს და თვლის, რომ „მანქანას“ აქვს გეგმა, რომლითაც რუს მეტოქეს დაამარცხებს.
„როცა იანი ცდილობს, სუპერ ტექნიკური იყოს და ველური დარტყმები განახორციელოს, ეს მერაბს შანსსა და სივრცეს აძლევს, რათა თეიქდაუნები შეასრულოს. გარდა ამისა, დვალიშვილს შეუძლია, იგი ოქტაგონის ღობესთან მიიმწყვდიოს, რამდენჯერმე დაარტყას, ხელი ჰკრას და იგივე გაიმეოროს. რაც მთავარია, მერაბის ამოცანა კი არაა, რომ ღობეს მოშორდეს, ეს იანმა უნდა გააკეთოს და მეტოქეს ტკივილი მიაყენოს. მერაბის მიზანი პიოტრის ღობესთან მიმწყვდევა, ტკივილის მიყენება და მისი პარტერში გადაყვანაა.
ვფიქრობ, ბრძოლა სწორედ ამ სტილში წარიმართება და იანს მოუწევს, მერაბის ჩხუბით იჩხუბოს. დვალიშვილისთვის ეს სახიფათო ბრძოლაა, მაგრამ იანიც იგივე მდგომარეობაშია. როცა უმაღლეს დონეზე იმყოფები, ყველაფერს მილიმეტრები წყვეტს. მერაბს სჭირდება, რომ მაქსიმალურად კონცენტრირებული იყოს და ვფიქრობ, აქვს გეგმა, რომლითაც იანს დაამარცხებს. მას შეუძლია ნახოს, რა გეგმა ჰქონდა, სტრაიკერ შონ ომალის და რა გეგმა მქონდა მე - მოჭიდავეს“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ლეგენდარული ჟოზე ალდოს წინააღმდეგ გამართა. „მანქანამ“ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა და წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ამ წუთისთვის, მესამეა.