ჯანო: „კვარა უბრალოდ ტოპია, ხვიჩა ფეხბურთით ცხოვრობს“
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯანო ანანიძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ჯანომ რუსულ გამოცემას, Sport-express-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და „ნაპოლის“ ქართველ ახალგაზრდაზეც ჰკითხეს.
„ველოდი თუ არა, რომ იტალიაში ასე გაიხსნებოდა? ხვიჩას დინამო ბათუმში შევხვდი და მივხვდი, რომ საერთოდ სხვა დონე იყო. კვარა უბრალოდ ტოპია! ამას საქართველოშიც ამტკიცებდა და ვარჯიშებზეც. ის მართლა ფეხბურთით ცხოვრობს და ვარჯიშებისთვის გამოყოფილი საათ-ნახევრით არასდროს კმაყოფილდება. თავისუფალ დროს, კვარაცხელია ფეხბურთზე და საკუთარი თამაშის გაუმჯობესების გზებზე ფიქრობს, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. ხვიჩა ძლიერი კლუბის ღირსებას იცავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მას მსოფლიო გრანდის რიგებში ვიხილავთ.
ინტერესი ინგლისიდან? ვიცი, ხვიჩას რა ვარიანტები აქვს და დიახ, ტოპ კლუბებზეა საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, მინიმუმ 1 წელი ნაპოლიში უნდა დარჩეს, იტალიის ჩემპიონატი მოიგოს და მომდევნო სეზონში ყველას ყველაფერი დაუმტკიცოს, შემდეგ კი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კლუბში გადავიდეს. შეუძლია თუ არა ყველა დროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გახდეს? ვფიქრობ, რომ კი. მას ამისთვის ყველაფერი აქვს. ჯერჯერობით ეს ტიტული კახა კალაძეს ეკუთვნის, მაგრამ კვარას შეუძლია, მას გადაასწროს“.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ საგოლე პასების რაოდენობით სერია A-ში მეორე ადგილზეა, მას მხოლოდ მილინკოვიჩ-სავიჩი უსწრებს, რომელმაც 8 საგოლე პასი შეასრულა.