კრიშტიანუ რონალდუ, მარტუნისი
Aa
Aa

ბიჭი, რომელიც გადარჩა - რონალდუს და მარტუნისის ისტორია

2004 წლის 26 დეკემბერს ინდონეზიაში საშინელი ცუნამი მოხდა. დაიღუპა 230 000 ადამიანი. ალბათ ამის წაკითხვისას გიკვირთ რა შუაშია ეს სტატია სპორტთან, მაგრამ...

სოციალურ ქსელ „იუთუბში“ არსებობს ვიდეო, რომელიც ინდონეზიი ცუნამის ერთ-ერთ გადარჩენილზეა. საუბარი მარტუნის სარბინიზეა, რომელიც ცუნამის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ფეხბურთს თამაშობდა. იმ დროს მარტუნისი 7 წლის იყო და ოჯახის ყველა წევრი დაკარგა.

Sky New-ის კამერებმა გადარჩენილი ბავშვი დააფიქსირეს. იმ დროს, მან არ იცოდა, რომ ცხოვრებაში ძალიან გაუმართლებდა. მარტუნისს კადრებში პორტუგალიის ნაკრების მაისური აცვია. ვიდეო საკმაოდ ემოციური გახლავთ..

აღნიშნული კადრები მსოფლიოს ვირუსივით მოედო და თვით კრიშტიანუ რონალდუმდეც მიაღწია. ჯერ კიდევ 20 წლის ვარსკვლავი შოკში ჩავარდა და უმალ მისი დახმარება გადაწყვიტა.

რონალდუმ იმდენი ქნა, რომ მარტუნისი პორტუგალიაში ჩაიყვანა და სახლი უყიდა. 5 ოქროს ბურთის მფლობელმა მისი სწავლაც დააფინანსა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. კრიშტიანუს ინიციატივით, პატარა ბიჭი პორტუგალიისა და სლოვაკეთის მატჩს დაესწრო.

ლისაბონში მარტუნისი პორტუგალიის ფორმით სტადიონზეც კი გაიყვანეს. მისთვის ეს ძალიან ემოციური იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მარტუნისს, როგორც ჰუმანიტარული დახმარება 40 000 ევრო გადასცეს.

„როდესაც მარტუნისის სიუჟეტი ვნახე მისი დახმარება გადავწყვიტე. ის უამრავი ადამიანის მაგალითი და განსაკუთრებული ბავშვია.“

- თქვა რონალდუმ მატჩის შემდეგ

საინტერესო ის გახლავთ, რომ „ალ ნასრის“ ვარსკვლავმა ეს ყველაფერი მალულად გააკეთა და იმ პერიოდში ეს ისტორია არ გახმაურდა. თითქოს ყველაფერი ასე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ არა!! რონალდუმ უფრო მეტი გააკეთა. თავდაპირველად, კრიშტიანუ ინდონეზიაში ჩავიდა და იქ დაზარალებულ ხალხს დაეხმარა.

2016 წლის ევროპის ჩემპიონმა წინასწარ გაწერა ჩეკები 100-ზე მეტი ოჯახისთვის. თითოეული ჩეკი კი საკმაოდ მსხვილ თანხაზე იყო გაწერილი. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ინდონეზიაში ვიზიტისას რონალდუს გვერდით პატარა მარტუნისი იდგა. კრიშტიანუ მას ანებივრებდა და მეტიც, პატარა ძმას ეძახდა.

„მარტუნისის მიტოვებას არასდროს ვაპირებ. იმისათვის, რომ ჩემთან კომუნიკაცია სულ ჰქონდეს ტელეფონი მივეცი და ჩემი ნომერი ჩავუწერე.“

- განაცხადა რონალდუმ

არავინ იცის რამდენჯერ ისაუბრეს ფეხბურთელმა და მარტუნისმა, მაგრამ 3 წლის შემდეგ ისინი ერთმანეთს ისევ შეხვდნენ. ბავშვს ფეხბურთელობა სურდა და რონალდუ ამაშიც დაეხმარა. მარტუნისი ადგილობრივ საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა და საკმაოდ წარმატებითაც.

გავრცელებული ინფორმაციით, ის თავდაუზოგავად მუშაობდა და ამის გამო მას ყველა პატივს სცემდა. მიუხედავად კარგი შედეგებისა, მის სხეულს ძალიან მცირე კუნთოვანი მასა ჰქონდა. ამის გამო მან პროფესიონალური ფეხბურთი ვერ ითამაშა და ლისაბონის „სპორტინგის“ აკადემიიდან 2018 წელს წავიდა.

მარტუნისი დღეს 25 წლის არის და ისევ ფეხბურთის გარშემო ტრიალებს. ფლობს რამდენიმე საფეხბურთო არხს. ამას გარდა ის რონალდუს კარგი მეგობარია და ერთად ხშირად ხედავენ. კრიშტიანუ დღემდე თვლის, რომ ის მისი უმცროსი ძმაა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის მთავარი მამოძრავებელი ძალა კი ადამიანობაა, რომელიც ბევრ ვარსკვლავს არ გააჩნია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები