ოფიციალურად - ევერტონმა ლამპარდი გაათავისუფლა
პრემიერ ლიგის გასულ ტურში „ევერტონი“ „ვესტ ჰემს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ეს წაგება კი ფრენკ ლამპარდისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. „კანფეტებმა“ „ჩელსის“ ყოფილი ლეგენდა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ჩაანაცვლებს მას.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „ევერტონი“ 15 ქულით მე-19 ადგილზე იმყოფება და ბოლო პოზიციაზე მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ „საუთჰემპტონს“ უფრო ცუდი ბურთების შეფარდება აქვს.
„კანფეტებისთვის“ 20 ტურის შემდეგ ეს ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია. ინგლისურმა კლუბმა 20 მატჩიდან 3 მოიგო, 11 წააგო, ხოლო 6 ფრედ დაასრულა.
ცნობისთვის, ლამპარდი „ევერტონს“ გასული წლის იანვარში ჩაუდგა სათავეში. ჯამში ფრენკი მერსისაიდულ კლუბს 44-ჯერ გაუძღვა, საიდანაც 12 მოიგო, 24 წააგო, ხოლო 8 ფრედ დაასრულა.
ასევე გეტყვით, ლამპარდმა სამწვრთნელო კარიერა „დერბი ქაუნთიში“ დაიწყო, სადაც წარმატებული მოღვაწეობა ჰქონდა. შემდეგ „ჩელსიში“ გადავიდა, მაგრამ მალე გაათავისუფლეს.