„ქართული ფეხბურთი ტალანტების გალაქტიკა იყო“ - იუვეს ექს-ფეხბურთელი
ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სერგეი ალეინიკოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ Sportsdaily-სთან ისაუბრა. მისი თქმით, ქართველებს ტალანტების ნამდვილი გალაქტიკა ჰქონდათ, რომლებმაც შესაძლებლობები ევროპაში დაამტკიცეს. ალეინიკოვი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე არ იცის, თუ რა ხდება ქართულ ფეხბურთში, მაგრამ ხედავს, რომ ტალანტები ჩნდებიან.
„ალექსეი მირანჩუკს რაღაც აკლია. მას პერსონალურად არ ვიცნობ და ვერ ვიტყვი, თუ რატომ ვერ ამართლებს მოლოდინს იტალიაში. რაც შეეხება ხვიჩას, მან მთელი მსოფლიოს პატივისცემა დაიმსახურა. დიახ, ის სერია ა-ს დიდი ვარსკვლავია. მისი თამაშით კმაყოფილები არიან.
მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა და ტრავმა აწუხებდა, მედია მას დიდ ყურადღებას უთმობს, „ნაპოლის“ ძალიან კარგად მოერგო და ეს უნდა ვაღიაროთ.
თუ შესაძლებლობებს შემდეგ სეზონშიც დაამტკიცებს, ვიტყვით, რომ კიდევ ერთი ვარსკვლავი ამობრწყინდა. მან მაღალ დონეზე რეგულარულად უნდა ითამაშოს. ყოველ სეზონში უნდა დაამტკიცოს, თუ რა შეგიძლია. ხვიჩას მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ.
ყოველთვის ვამბობდი, რომ იტალიელებსა და ქართველებს საერთო მახასიათებლები ჰქონდათ. ვგულისხმობ, ჟესტებს, ემოციებს, ბურთის ტარების სიყვარულს. პლუს, ქართველები უკვე თანამედროვე ფეხბურთს თამაშობენ. მათ ტალანტების გალაქტიკა ჰქონდათ და შესაძლებლობები უცხოეთში დაამტკიცეს. ეს ტრენდი გრძელდება. არ ვიცი, ქართულ ფეხბურთში რა ხდება, მაგრამ ვარსკვლავები ჩნდებიან“.
1989-90 წლების სეზონში სერგეი ალეინიკოვმა „იუვენტუსთან“ ერთად იტალიის თასი და UEFA-ს თასი მოიგო. 1990-92 წლებში „ლეჩეში“ თამაშობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამპლუით ცენტრალურმა ნახევარმცველმა ბელარუსის ნაკრებში ითამაშა (1992-94).