ჩელსი ახალ წინადადებას ამზადებს - ბენფიკა ენცოში 120 მილიონს ითხოვს
პორტუგალიური Record-ის ინფორმაციით, ლონდონის „ჩელსი“ ენცო ფერნანდესის ტრანსფერის თაობაზე ლისაბონის „ბენფიკას“ ახალი, გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს. „არისტოკრატები“ წინადადებას ამზადებენ, მსოფლიოს ჩემპიონის გადაბირება მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას სურთ.
ლისაბონური კლუბის პოზიცია არ შეცვლილა, „ბენფიკა“ 22 წლის არგენტინელ ნახევარმცველთან დამშვიდობებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში გეგმავს: თუ დაინტერესებული კლუბი 120 მილიონ ევროს გადაიხდის.
კლუბებს შორის ენცოს თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობდა, თუმცა შეჩერდა, როცა პორტუგალიურმა მხარემ 120 მილიონი ევრო მოითხოვა. შესაძლოა, ახალი წინადადების შემდეგ მოლაპარაკება განახლდეს.
„ჩელსის“ მფლობელი ტოდ ბოელი მიმდინარე სატრანსფეროს ფანჯრისას კიდევ რამდენიმე მოთამაშეს უმიზნებს. კერძოდ, „რეალის“ ფრანგ ნახევარმცველს, ედუარდო კამავინგას, „ინტერის“ მარჯვენა მცველ დენზელ დუმფრისსა და „ბრაიტონის“ ნახევარმცველ მოიზეს კაისედოს.
პირველი წინადადებით „ჩელსი“ მზად იყო ეკვადორელის სანაცვლოდ 55 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაეხადა, თუმცა „ბრაიტონმა“ ამ წინადადებაზე უარი თქვა. ტოდ ბოელმა „ბრაიტონს“ გაუმჯობესებული შეთავაზებით მიმართა, „ჩელსი“ ნახევარმცველში 65 მილიონ ფუნტ სტერლინგს იხდის. ამ ეტაპზე „ბრაიტონის“ პოზიცია უცნობია.