ანტონიო კარეკა: „ხვიჩა შესანიშნავი ტალანტია, მაგრამ...“
„ნაპოლის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ანტონიო კარეკამ ლუჩანო სპალეტის გუნდზე ისაუბრა. ბრაზილიელი ფორვარდის სიტყვები Il Mattino-მ გაავრცელა და კარეკამ ხვიჩა კვარაცხელიაზეც ილაპარაკა.
„ჩემი ფეხბურთელობისას, სკუდეტოს გამარჯვებულის ვინაობა ბოლო ტურებში ირკვეოდა. ამ წუთისთვის, განსხვავებული რეალობა გვაქვს და ვფიქრობ, ნაპოლის ტიტულის განაღდება სეზონის მეორე ნახევრის შუა ნაწილში შეეძლება. ფეხის დაცდენის უნდა გვეშინოდეს, თუმცა, მგონია, რომ ეს არ მოხდება, რადგან სპალეტი ყოველდღიური ფსიქოლოგიური მუშაობით გამოირჩევა და ეს გუნდს ეტყობა კიდეც. ფეხბურთელები, მეტოქის მიუხედავად, ყოველთვის კონცენტრირებული არიან და ვფიქრობ, ეს არ შეიცვლება.
კვარაცხელიას რაც შეეხება, ქართველი ფეხბურთელი შესანიშნავი ტალანტია, მაგრამ ნაპოლი უნდა შეეჩვიოს თამაშს, როცა მხოლოდ მისი ფლანგის გამოყენებაზე არ იქნება დამოკიდებული. ბალანსი გვჭირდება და მარჯვენა ფლანგიც უნდა გამოვიყენოთ. ეს განაპირობებს, რომ მცველები მხოლოდ კვარაზე არ იქნებიან ორიენტირებული და არ გვექნება ისეთი ვითარება, როგორიც ინტერთან იყო“.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ საგოლე პასების რაოდენობით სერია A-ში მეორე ადგილზეა, მას მხოლოდ მილინკოვიჩ-სავიჩი უსწრებს, რომელმაც 8 საგოლე პასი შეასრულა.