მაკარიძის წარმატებული დებიუტი - 24-ე მშრალი მატჩი პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში
„მარიტიმუს“ რიგებში ქართველი მეკარის, გიორგი მაკარიძის დებიუტი შედგა, მისმა გუნდმა შინ „ეშტორილი“ 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მე-3 წუთზე „ზესტაფონისა“ და თბილისის „დინამოს“ ყოფილმა მცველმა რენე ფერეირამ გაიტანა.
მაკარიძემ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, მის აქტივში 2 „სეივია“. საინტერესოა, რომ „ალმერიას“ ყოფილმა მეკარემ პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში 77-ე მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 24 მშრალი მატჩია.
„მარიტიმუ“ ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, ბოლო 4 შეხვედრიდან 2 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთ შეხვედრაში დამარცხდა. 18-გუნდიან ჩემპიონატში 13 ქულით მე-17 ადგილზეა და მე-15 პოზიციაზე მყოფ გუნდს 5 ქულით ჩამორჩება.
„მარიტიმუს“ მსგავსად გიორგი აბურჯანიას „ჟილ ვისენტეც“ აგროვებს ქულებს, ბოლო 4 შეხვედრიდან 3 მოიგო და 18 ქულით მე-14 ადგილზეა. დანიელ სოუზას მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ აბურჯანია სასტარტოში რეგულარულად თამაშობს. გამონაკლისი არც „კაზა პიასთან“ მატჩი იყო, რომელიც „ჟილ ვისენტემ“ სტუმრად 1:3 მოიგო. აბურჯანიამ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა.