არსენალი - მან. იუნაიტედი | რა ითქვა მატჩის შემდეგ
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-20 ტურში გათამაშების ლიდერმა, ლონდონის „არსენალმა“ საკუთარ მოედანზე ტურნირის მესამეადგილოსან „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით, 3:2 დაამარცხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა განვლილი მატჩი შეაფასა:
მიკელ არტეტა:
ეს იყო ემოციური, ვნებიანი და რთული თამაში. უკეთესი დასასრული წარმოუდგენელი იყო. შესანიშნავად ვითამაშეთ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში.
ერთ მუშტად ვიყავით შეკრულები. როდესაც გოლი გავუშვით, პანიკაში არ ჩავვარდით და მაინც გვჯეროდა გამარჯვების. მეტოქის საჯარიმოში ცივად ვმოქმედებდით, მაგრამ კარგი მომენტები ვერ გამოვიყენეთ. საბედნიეროდ, ყველაფერი მაინც ჩვენს სასიკეთოდ დასრულდა.
სეზონის სტარტზე ამაზე უკეთეს სცენარს ვერც წარმოვიდგენდით. ეს მდგომარეობა ჩვენი კარგი თამაშის დამსახურებაა. მაგრამ ჯერ კიდევ გვჭირდება რიგ საკითხებში გაუმჯობესება.
ერიკ ტენ ჰაგი:
შესანიშნავი თამაში გამოვიდა, რომელიც მაღალ ტემპში მიმდინარეობდა. მაყურებელმა ნამდვილად გაიმარჯვა. ორი საუკეთესო გუნდი თამაშობდა, მაგრამ ბუნებრივია, ბოლო წუთზე გაშვებული გოლისგან გამოწვეული მარცხი ძალიან მაწუხებს.
თუმცა ვიტყვი, რომ ყველა გოლი, რომელიც გავუშვით, ჩვენივე შეცდომების გამო იყო, ასე არ უნდა ხდებოდეს. გასულ კვირას, მსგავს სიტუაციებში ჩვენი დამარცხება ძალიან რთული იყო, დღეს კი პირიქით. ჩვენ ნამდვილად შეგვეძლო ამ გოლების თავიდან აცილება.
„არსენალი“ ბურთს კარგად ათამაშებს, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედი“ თავს კარგად იცავს. ბევრი მომენტი არ ყოფილა. ჩვენ დავუშვით შეცდომები, რომლებიც არ უნდა ყოფილიყო. მატჩის ბედი წვრილმანებმა გადაწყვიტა და ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ.
მე გამარჯვება მინდა, დარწმუნებული ვარ, ბიჭებსაც იგივე სურვილი აქვთ. გვინდა ყველგან პირველები ვიყოთ, მაგრამ თუ ასეთ შეცდომებს დავუშვებთ, ეს არ მოხდება. გუნდს სწორედ ეს ვუთხარი.
20 ტურის შემდეგ, „არსენალი“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილს 50 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან „მანჩესტერ სიტის“ 5 ქულით უსწრებს, „მანჩესტერ იუნაიტედი“ კი 39 ქულით მე-4 ადგილზე დაქვეითდა.