პეპ გუარდიოლა, ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

გუარდიოლა ჰოლანდზე: „ყველა მატჩში 90 წუთი რომ ეთამაშა, ბევრად მეტი გოლი ექნებოდა“

ინგლისის პრემიერ ლიგის მორიგ ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ საკუთარ მოედანზე „ვულვზს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა.

შეხვედრაში სამივე გოლი ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა. ნორვეგიელმა ფორვარდმა მეტოქის კარი პირველად მე-40 წუთზე აიღო. მეორე ტაიმში, 50-ე წუთზე ჰოლანდმა მანჩესტერელების უპირატესობა ორბურთამდე გაზარდა, 54-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მატჩის დასრულების შემდეგ, „სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა განვლილი თამაში შეაფასა და ერლინგ ჰოლანდზეც ისაუბრა.

რა თქვა პეპმა:

ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან კარგად ვითამაშეთ და გოლები საჭირო დროს გავიტანეთ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში.

ეს იყო კიდევ ერთი მოგება „ტოტენჰემთან“ გამარჯვების შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ თამაში იგივე სულისკვეთებით გავაგრძელოთ. „ვულვზს“ ანგარიშგასაწევი გუნდი ჰყავს, ამის გამო მათ სერიოზულად მივუდექით და შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ.

ჰოლანდის შესახებ:

ჩვენ ბევრ მატჩში შევცვალეთ ის. ყველა შემთხვევაში 90 წუთი რომ ეთამაშა, ახლა უფრო მეტი გოლი ექნებოდა გატანილი. მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ერლინგი მოგებაში გვეხმარება. ესაა ყველაზე მთავარი.

გულშემატკივრების კრიტიკაზე:

მირჩევნია გაგვაკრიტიკონ, როცა ეს საჭირო იქნება. თუ ისინი რამით უკმაყოფილონი იქნებიან, უნდა უსტვინონ, არ უნდა გაჩუმდნენ.

როდესაც ისინი ენერგიას გვაძლევენ, მოთამაშეები ამას ყოველთვის გრძნობენ, ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ. ისინი სტადიონზე გასართობად მოდიან და მათთან ერთად ჩვენც ვხალისობთ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველთვის ასეა, ეს კიდევ უნდა გავაგრძელოთ.

შეგახსენებთ, რომ 20 ტურის შემდეგ „მანჩესტერ სიტი“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 45 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „არსენალს“ 3 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები