„ასეთ მომენტში როგორ უნდა შეინარჩუნო ფეხბურთელი?“ - მიქაძე გილმორზე
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის წყალტუბოს „სამგურალმა“ გასული სეზონის შემდეგ გიორგი მიქაძესთან კონტრაქტი გაწყვიტა. 42 წლის მწვრთნელმა გადაცემაში „სპორტი იმედზე“ საინტერესოდ ისაუბრა.
„ჩვენთვის ფინანსები გლობალური პრობლემაა. რაც ევროპულ ფეხბურთში ტრიალებს და... უკვე არაევროპულ ფეხბურთშიც, მსოფლიოშიც, სამხრეთ ამერიკაში ძალიან დიდი ფული გაჩნდა, აზიაში რა ხდება, როგორ ტრანსფერებს ახორციელებენ, მთელი მსოფლიო განვითარდა, ყველა მიხვდა, რომ წარმატების მისაღწევად დიდი ფულია საჭირო. ჩვენთვის, როგორც ღარიბი ქვეყნისთვის სამწუხაროდ, ეს პრობლემაა და წარმატებისთვის ბევრი ფულია საჭირო.
„სამგურალის“ ხელმძღვანელებთან გვქონდა საუბარი. გვსურდა, რომ ფეხბურთელებთან ერთწლიანი კონტრაქტის ნაცვლად ორწლიანი ან სამწლიანი ხელშეკრულებები გაგვეფორმებინა. დიდი საქმეების კეთება ერთ ან ორ წელიწადში არ ხდება „სამგურალში“ მყავდა კარგი ფეხბურთელი ლუქმან გილმორი, თუნდაც ფინანსების გამო ვერ შევინარჩუნეთ. გარდა ამისა, ფეხბურთელებმა ჩემთან მუშაობით პროგრესი აჩვენეს და მათ მოთხოვნები გაეზარდათ, ყველაფერს ფინანსებამდე მიყავხარ. ლუქმანმა მითხრა, რომ აფრიკიდან ჩემი ფულით ჩამოვედი, მანქანაც არ მიყიდიაო და ფინანსები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავსო. ლუქმანი კარგი ბიჭია, ქართულიც ისწავლა, მაგრამ როგორ უნდა შეაკავო და დააკავო? ლატვიაში უკეთესი პირობები შესთავაზეს და კარიერა „ლიეპაიაში“ გააგრძელა“.
შეგახსენებთ, გილმორს „იმერეთში“, თბილისის „დინამოში“, „ზუგდიდსა“ და „სამგურალში“ უთამაშია. 26 წლის ნიგერიელმა ფეხბურთელმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 26 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი შეასრულა. გილმორი კარიერას „ლიეპაიაში“ აგრძელებს.