მადრიდის რეალი, როდრიგო გოეში
Aa Aa

“მხოლოდ ბედისწერას შეუძლია ამ ამბის ახსნა“ - მე როდრიგო ვარ

როდრიგო:

„ამბობენ, რომ ზოგიერთი ბავშვი ფეხბურთელად იბადება. რეალურად მე ასეთი ვიყავი. სამყაროში 2000 წლის 25 დეკემბერს უნდა გავჩენილიყავი, მაგრამ იცით რას ამბობენ? ბავშვები, რომლებიც წლის ბოლოს იბადებიან ფეხბურთელობის ნაკლები შანსი აქვს. ასე რომ, მამაჩემი ოთახში შევიდა და დედაჩემს უთხრა: „ცოტა ხანი მოიცადე..“

დედა: „რას გულისხმობ?“

მამა: „ეცადე კიდევ რამდენიმე დღე არ გააჩინო..“

ერიკი, როდრიგოს მამა:

„ძალიან კარგად მახსოვს 25 დეკემბერს ჩემს მეუღლეს დენიზს ვუთხარი: „ღვთის გულისათვის, არ მისცე მას ჯერ დაბადების საშუალება.“

16 წლის ვიყავი და საკუთარ კარიერას ვიწყებდი. ვიცოდი, რომ თუ ის 25 დეკემბერს დაიბადებოდა და ფეხბურთს ითამაშებდა, თავის ასაკობრივ გუნდში ყველაზე პატარა იქნებოდა, ხოლო იანვარში დაბადებული ბავშვი ყველაზე დიდი.. ეს ჩემს მეუღლეს არ ესმოდა..

კიდევ ერთხელ ვუთხარი: „ნუ ინერვიულებ, უბრალოდ მის შესაჩერებლად გააკეთე, რაც შეგიძლია..“

მის საავადმყოფოში წაყვანას არ ვაპირებდი..

26, 27 , 28.. 31 დეკემბერი.. ერთმანეთს ახალი წელი მივულოცეთ და ის ჯერ კიდევ არ მშობიარობდა..

მომდევნო დღეების განმავლობაში მუცელზე ვეფერებოდი და ვამბობდი, რომ ბიჭი იქნებოდა. ჩემს ძმებს და დებს ჯამში 7 შვილი ჰყავთ და ყველა გოგო..

ის ფეხბურთელი გახდება!!

ამის ბოლომდე მჯეროდა..

როდრიგო:

„მამაჩემი ყოველთვის ამბობდა, რომ სიტყვებს ძალა აქვს. ბავშვობაში ოცნება მქონდა. ოცნება ძალიან მიყვარდა. ასე რომ, საკუთარ თავს იგივეს ვეუბნებოდი..

ბრაზილიის ნაკრებში ვაპირებდი თამაშს..

„სელესაოს“ მაისურით დავრბოდი და ნეიმარის ცრუ მოძრაობებს ვიმეორებდი..

ასევე, ჩემი ოცნება მადრიდის „რეალში“ თამაში იყო..

როდესაც 10 წლის გავხდი, ჩემი დაბადების დღის ტორტს „როდრიგო მადრიდის „რეალი“ ეწერა..

ჩემპიონთა ლიგის მოგება მთავარ მიზნად დავისახე!!

საკლუბო ფეხბურთის პიკი..

ასევე მსოფლიო ჩემპიონატი..

პატარაობისას დედას ხშირად დავყავდი ბაზარში, სადაც მამიდა მუშაობდა. მე ბურთს ვხედავდი და საწყალი დედაჩემი, მას გამუდმებით ყიდვა უწევდა.. 2 წლის ასაკში დილის 8-დან საღამოს 10 საათამდე ბურთით ვთამაშობდი. სხვა სათამაშო ჩემთვის არ არსებობდა. მამაჩემმა კი ჩემი ცხოვრება ორჯერ უფრო რთული გახადა..“

ერიკი:

„ჩემი შვილის თამაშს ვუყურებდი და აღფრთოვანებული ვიყავი. 3 წლისას უკვე სუსტი ფეხით დარტყმა შეეძლო.“

როდრიგო:

„მამა ყველაზე ცუდი მსაჯი იყო. სან კაეტანოში მინი სტადიონზე ხშირად ვთამაშობდით. მამა იყო მეკარეც, ბურთის მომტანიც, მსაჯიც, მცველიც.. ლამაზ ცრუ მოძრაობას ვასრულებდი და მისი ყვირილი მესმოდა: „გააგრძელე და გაიტანე“!

ხანდახან დედა მასზე ბრაზდებოდა და ამ მეთოდს არ ეთანხმებოდა..

მამა კი ამბობდა: „დამშვიდდი, ვიცი, რასაც ვაკეთებ.“

დედამ ბევრი სირთულე გაიარა. ასაკის მატებასთან ერთად უფროს ბავშვებთან დავიწყე თამაში. დროს ძირითადად ჩვენთან ახლოს ოსასკოში ვატარებდი. ისინი აკადემიაში დადიოდნენ, მაგრამ მე ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი.

როდესაც 6 წლის ვიყავი, აკადემიის მწვრთნელი ჩვენი თამაშის სანახავად გაჩერდა. ეს იყო დღე, როდესაც მას ბავშვები თავის აკადემიაში უნდა დაერეგისტრირებინა. ვალდებული ვიყავი, რომ კარგად მეთამაშა..

მის მანქანაში ჩავჯექი და წავედით. იცით? მხოლოდ ტურნირზე ვფიქრობდი, მაგრამ იქვე ახლოს ჩემი ორი ბიძაშვილი იდგა და მათ დაინახეს, რომ სრულიად უცხო მანქანაში ჩავჯექი. ეგონათ მომიტაცეს..

სახლში გაიქცნენ და დედას უთხრეს: „მათ როდრიგო მოიტაცეს“..

არადა მე მხოლოდ სურათის გადასაღებად და რეგისტრაციისთვის წავედი. სახლში მალე დავბრუნდი და დედა ძალიან გაბრაზდა..

„რას აკეთებდი? გიჟი ხარ? სად იყავი?“

„არა დედა არ გავგიჟებულვარ, მწვრთნელთან ერთად ვიყავი.“

მას ბევრი რამის თქმა უნდოდა, მაგრამ ბავშვი ვიყავი და თავი შეიკავა. ჯანდაბა.. თუ ტურნირი იქნებოდა მე აუცილებლად წავიდოდი და ვითამაშებდი..

დიახ, ეს არის ჩემი პირველი ნაბიჯები. სწორედ ასე დავიწყე აკადემიაში თამაში..“

ერიკი:

„მე და როდრიგო ყოველთვის ძალიან ახლოს ვიყავით. როდესაც „რიო კლაროში“ გადავედი სათამაშოდ მე წამომყვა, მაგრამ შაბათ-კვირას უკან ოსასკოში ბრუნდებოდა, რომ აკადემიაში ეთამაშა. თავის პირველ მატჩში არავინ იცოდა ვინ იყო როდრიგო. სათადარიგოთა სკამზე იჯდა. მე ტრიბუნაზე ვიდექი და თამაშს ვიღებდი. სხვა ბავშვები უფროსები იყვნენ გესმით? მისი გუნდი 0:2-ს აგებდა, შევიდა და ყველაფერი შეიცვალა..

1:2

2:2

3:2

მათ 8:2 მოიგეს და როდრიგომ 7 გოლი გაიტანა. აბსურდი!! მაშინ პირველად მივხვდი, რომ ისე უკვე პროფესიონალი იყო და მისი ოცნების მხარდაჭერა გავაგრძელე..

ეს არის ის, რაც უნდა გაიგოთ. როდესაც ბავშვი ვიყავი მე არავინ მყავდა, ვინც ასე დამეხმარებოდა. გადავწყვიტე ჩემი შვილისთვის ყველაფერი გამეკეთებინა. ჩემს თამაშებზე დამყავდა და ის ჩვენი თილისმა გახდა.

ერთხელ მირასოლში „სანტოსის“ და ნეიმარის წინააღმდეგ ვითამაშე. როდრიგო უკვე ჭკუას მარიგებდა და მეუბნებოდა, რომ არ უნდა ავჩქარებულიყავი. მატჩის შემდეგ, ინტერვიუ ერთად მივეცით. როდესაც ის პროფესიონალი გახდა უკვე იცოდა, რასაც ჰკითხავდნენ..“

როდრიგო:

„ეს ისტორიის მარტივი ნაწილია. უფრო რთული კი მანამდე იყო. ოსასკოში ჩემი აკადემიის მწვრთნელი სან პაულუშიც მუშაობდა და იქ 8 წლის ასაკში გადავედი, მაგრამ იქ საკონკურსო მატჩებში მონაწილეობის მიღების უფლებას მხოლოდ 15 წელს გადაცილებულ ბავშვებს აძლევდნენ.

„სანტოსის“ და „კორინთიასის“ საუკეთესო ბავშვები პაულისტას ტურნირზე თამაშობდნენ. ძალიან მინდოდა მეთამაშა..“

ერიკი:

„მეც ვნერვიულობდი. 15 წელი ბევრი იყო. ერთხელ როდრიგომ სანტოსში „სანტოსის“ წინააღმდეგ ითამაშა და ისინი გაანადგურა. მთავარი მწვრთნელი მოვიდა და მითხრა: „გინდა შენი შვილი წავიყვანო?“

მე ვუპასუხე: „ეს ცოტა სახიფათოა. ის ოსასკოში დედასთან ერთად ცხოვრობს და მანქანით მგზავრობას თითქმის 2 საათი სჭირდებოდა.

მწვრთნელი: „უბრალოდ ერთ ვარჯიშზე მოიყვანე.“

ის ცხრა წლის იყო, ხოლო სხვა ბავშვები 11-ის, მაგრამ მან ყველას გადაუარა. მწვრთნელმა მითხრა, რომ მას ზუსტად „სანტოსის“ სტილი ჰქონდა. იმ პერიოდში „სანტოსის“ გარშემო ნეიმარის, რობინიოსა და განსოს გამო დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი. როდრიგო კი სულ მეუბნებოდა: „მამა აქ მინდა თამაში. თამაში მინდა, აქ უნდა ვითამაშო!“

10 წლის იყო და უკვე კვირაში სამჯერ ვარჯიშობდა. პარალელურად სკოლაში სწავლობდა და სან პაულუში დადიოდა..“

როდრიგო:

„დილის 7 საათზე სანტოსში უნდა ვყოფილიყავი. იცით დედა რას აკეთებდა? დილის 4 საათზე საწოლში მძინარეს საფეხბურთო ფორმას, შორტს და წინდებს მაცმევდა, მანქანაში მაწვენდა და ბალიშს მიდებდა. ბიძაჩემს მივყავდი.. მანქანაში ვიღვიძებდი, ვსაუზმობდი და შემდეგ ვვარჯიშობდი. ვარჯიშის შემდეგ უკან ოსასკოში სკოლაში ვბრუნდებოდი და მერე ისევ ფუტსალს ვთამაშობდი. არ გატყუებთ.. ეს ძალიან რთული იყო..“

ერიკი:

„იცით ჩემმა ძმამ რა მითხრა? ერთხელაც არ მოუსმენია როდრიგოს წუწუნი.“

როდრიგო:

„ვფიქრობ, ძალას ჩემი ოცნება მაძლევდა. ეს ყველაფერი მომწონდა. ვარჯიშზე, რომ ვერ წავსულიყავი ძალიან გავბრაზდებოდი. როგორც კი ბურთს ვეხებოდი ყველა სირთულე მავიწყდებოდა. სამწუხაროდ, იყვნენ ბავშვები, რომლებმაც „სანტოსში“ ყველა გამოცდა ჩააბარეს, მაგრამ ან მანქანა არ ჰყავდათ ან სამგზავრო ფული არ ჰქონდათ. საბედნიეროდ მე მყავდა ოჯახი, რომელმაც ოცნების ასასრულებლად ყველაფერი მომცა..

ერიკი:

„დენიზმა ოჯახი გააერთიანა. მას ცუდ რაღაცებს ეუბნებოდნენ. მაგალითად: „შენ, შენი 10 წლის შვილის ოცნების გამო ქორწინებაზე უარს ამბობ?“

ჩვენ ვპასუხობდით: „თქვენ ფანტასტიკურ სამყაროში ცხოვრობთ. ჩვენს გადაწყვეტილებებს კი ოცნებაზე ვაფუძნებთ.“

მაგრამ მას ყოველთვის სჯეროდა.. სწორედ ამიტომ არის როდრიგო დღეს დიდი ფეხბურთელი.“

როდრიგო:

„ხშირად დედას ბევრი სირთულის გადატანა უწევდა, მაგრამ ამას ვერავინ ხედავდა. დე, ძალიან მიყვარხარ.“

ერიკი:

„2012 წელს დენიზმა „სანტოსში“ ბინა იქირავა. მე და როდრიგო სულ ერთად ვიყავით, მაგრამ მომდევნო 5 წლის განმავლობაში რაღაცები შეიცვალა. 27 წლის ვიყავი და ოჯახის შესანახად კარიერა უნდა გამეგრძელებინა. დასვენების დღეებში ჩემთან ჩამოდიოდა და უკან წასვლა აღარ უნდოდა. ფეხბურთის გამოც კი..

ორივე ბევრს ვტიროდით. ავტობუსში ჯდებოდა და ხელს ვუქნევდი. ხანდახან ისეთი გაბრაზებული იყო, რომ არ მემშვიდობებოდა..“

როდრიგო:

„ვოცნებობდი, რომ მე და მამა ყოველთვის ერთად ვყოფილიყავით. ამ ასაკში ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ხშირად ჩემგან შორს იყო. მშობლები მეუბნებოდნენ, რომ ეს ტკივილი ღირდა, მაგრამ ყოველი დამშვიდობებისას ფეხბურთის თამაშის სურვილი მეკარებოდა.“

ერიკი:

„მეუბნებოდნენ, რომ გიჟი ვიყავი, რადგან ჩემს შვილს სხვა ქალაქში ვტოვებდი, მაგრამ ვიცოდი, რომ მას განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა.“

ლუჩიანო - „სანტოსის“ ახალგაზრდა გუნდის მწვრთნელი:

„იცით? როდრიგო ფუტსალში ნეიმარზე უკეთესი იყო. ჩვენმა გუნდმა პაულისტას 11-წლამდე ჩემპიონატი ზედიზედ ორჯერ მოიგო. როდესაც ის უფრო დიდ ასაკობრივ გუნდში გადავიდა კლუბის დირექტორებმა მითხრეს, რომ მას გავყოლოდი. მომდევნო 7 წლის განმავლობაში ჩემს შვილებზე ხშირად როდრიგოს ვხედავდი.“

როდრიგო:

„ყველა წინა თაობაზე საუბრობდა. პელე, ნეიმარი, რობინიო, განსო.. ახლა ისინი ამბობენ, რომ მე ვარ ახალი რაიო, უკანასკნელი ჭექა-ქუხილი, რომელიც „სანტოსმა“ გამოზარდა.

მე და ჩემი მშობლები ჩემს მიზნებს ყოველწლიურად ვიწერდით და შემდეგ ყველაფერი უფრო მარტივდებოდა. ამ გუნდმა ბევრი რეკორდი მოხსნა.“

ლუჩიანო:

„თავიდან როდრიგო თავის ხასიათს ებრძოდა. როდესაც ასეთი სტილის მოთამაშე ხარ ფეხებში ხშირად გხვდება. ამაზე ღიზიანდებოდა და ხშირად ჩხუბობდა. წითელი ბარათიც კი მიუღია. მახსოვს „კოტიასთან“ ვთამაშობდით და მათმა მწვრთნელმა სიბინძურეები ილაპარაკა.

„არ ხარ კარგი ფეხბურთელი, შენ აქ უბრალოდ საჩვენებლად ხარ.“

ამის გაგონებაზე, როდრიგომ ბურთი საკუთარი ნახევრიდან წამოიღო, ყველა ფეხბურთელი მოატყუა და გოლი გაიტანა. შემდეგ „კოტიას“ სათადარიგოთა სკამისკენ გაიქცა და მწვრთნელთან მივიდა.

„რა თქვი? რა დამიძახე? ვინ იცინის ახლა?“

მატჩის შემდეგ როდრიგოს ვუთხარი: „რატომ მოიქეცი ასე? არ შეიძლება..“

როდრიგო: „ის მე მლანძღავდა.“

მე: „თუ გალანძღვის გამო ასეთი გოლები გაგაქვს, პირველი მე ვიქნები, ვინც შენ შეურაცხყოფას მოგაყენებს.“

გაიცინა და მითხრა, რომ ეს საჭირო არ იყო..“

როდრიგო:

„ცოტა გიჟი ვიყავი. დედამ წესების სია ჩამოაყალიბა, რომელიც 10 მცნებას ჰგავდა. ნურავის გალანძღავ, ყველას კარგად მოექეცი. ვისაც შეხვდები ყველას მიესალმე. ყოველდღე ამ წესებს ვუყურებდი და თუ რომელიმეს დავარღვევდი დედა ბრაზდებოდა. ახლა თავს ცუდად ვგრძნობ, თუ ვინმეს გამარჯობას არ ვეტყვი, მაგრამ, როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელმა ერთ დღეს ყველა წესი დავარღვიე, ჩვენს ერთ-ერთ მწვრთნელზე კი ძალიან გავბრაზდი..

ერთხელ სასადილოში 15-წლამდე გუნდის ფიზიკური მომზადების მწვრთნელი შემოვიდა. მენიუში ღვიძლი იყო. ეს ბრაზილიაში ნორმალურია, მაგრამ ღვიძლი ჩემთვის??

არანაირად!!..

ამიტომ ჩემს თეფშზე ბრინჯი, ლობიო და სიმინდი დავიდე. მაშინ ბოლინა ჩემი მწვრთნელი არ იყო, რადგან 13-წლამდე გუნდში ვთამაშობდი, მაგრამ, როდესაც დაინახა რას ვჭამდი მოვიდა და მითხრა: „შენ რა ხუმრობ?“

მე: „რა პრობლემაა?“

ბოლინა: „თუ ამას შეჭამ, 15 წლის ბავშვები ყველაფერში გაჯობებენ.“

ძალიან გაბრაზდი და გონებაში ჩამრჩა..

როდესაც 15-წლამდე გუნდში გადავედი ერთ-ერთ ვარჯიშზე ყველას ვაჯობე და ბოლინასთან მივედი: „გახსოვს რა მითხარი სასადილოში?

გაეცინა, რა თქმა უნდა ახსოვდა. ორივემ ბევრი ვიცინეთ. მივხვდი, მას ჩემთვის კარგი უნდოდა. ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, რადგან არასდროს იცი რა გელოდება წინ. ეს იქამდე ხდებოდა, სანამ ბრაზილიის 15-წლამდე ნაკრებში გამომიძახებდნენ..

როდესაც ნაკრებში გიძახებენ არავინ დაგირეკავს. ფედერაცია აქვეყნებს სიას და შენით უნდა შეამოწმო, მაგრამ მე ორჯერ გამაფრთხილეს, ორჯერ!!

და ორივეჯერ შეცდნენ..

განადგურებული ვიყავი.. პირველად ფართო განაცხადში ვიყავი, მაგრამ 23-კაციანში ვერ მოვხვდი. მეორე შემთხვევაში ბრაზილიამ ჩემი ფრენის ბილეთი და სასტუმროც კი დაჯავშნა, მაგრამ, როდესაც სია გამოქვეყნდა იქ როდრიგო არ ეწერა.

ძალიან ვღელავდი. ფედერაციაში დავრეკეთ და აღმოჩნდა, რომ შეცდომა იყო. რადგან თავდამსხმელი ვიყავი სიის ბოლო ნაწილში უნდა ჩაეწერათ ჩემი გვარი, მაგრამ დაავიწყდათ. ყველაფერი მოგვარდა და ბედნიერი გავხდი. ნაკრების მაისურით უამრავი ფოტო გადავიღე და მშობლებს გავუგზავნე.

16 წლის, რომ გავხდი ყველაფერი გაცილებით სწრაფად წავიდა. მამაჩემმა კარიერა დაასრულა და ჩემთან ერთად ბევრ დროს ატარებდა. ეს ყველაფერი 2017 წელს ხდებოდა. ნოემბრის მიწურულს, ელანომ დამირეკა. ის „სანტოსის“ პირველი გუნდის მწვრთნელი იყო.

ელანო: „ჰეი მეომარო, ყველაფერი კარგად გაქვს? ამ კვირაში მინდა, რომ ჩემთან ერთად ივარჯიშო.“

ერთ ადგილზე გავიყინე.. არ მჯეროდა..

მადლობა ღმერთს, ტემპის შენარჩუნება შევძელი. ერთ დღეს, შემდეგი მატჩისთვის გასახდელში განაცხადის სია გამოაქვეყნეს, რომელშიც ჩემი სახელი ეწერა. სურათი გადავუღე და მამას გავუგზავნე. მან ტირილი დაიწყო..

რამდენიმე დღის შემდეგ, ვილა ბელმიროზე „სანტოსი“ „ატლეტიკო მინეიროს“ ხვდებოდა. გუნდის ავტობუსში ვიჯექი და ათასობით გულშემატკივარს ვხედავდი, რომლებიც დროშებს აფრიალებდნენ. ჰაერი კვამლით იყო სავსე. ასევე დავინახე ცეცხლის ცნობილი დერეფანი. მამაჩემი და ბიძაჩემი ქომაგების არმიაში იყვნენ და ბოლო ხმაზე ღრიალებდნენ. ერიკი ძალიან ემოციურია.

ძალიან ვღელავდი. მათ გუნდში რობინიო თამაშობდა. სკამზე ჯდომითაც ბედნიერი ვიყავი. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე 3:1-ს ვიგებდით და ელანომ შემომხედა. ვიფიქრე შემიყვანდა, თუ არა.. ძალიან შემეშინდა..

შემდეგ გულშემატკივრებმა ჩემი სახელის სკანდირება დაიწყეს. კიდევ უფრო ავღელდი..

მხოლოდ 1 წუთი ვითამაშე, ბურთსაც არ შევხებივარ, მაგრამ ეს ახდენილი ოცნება იყო!!

შემდეგი სეზონის დასაწყისში 17 წლის ვიყავი და კოპა ლიბერტადორესზე „ნასიონალს“ ვეთამაშებოდით. ამ მატჩის გამო სკოლა გავაცდინე. მარცხენა ფლანგზე ბურთი მივიღე, ორ ფეხბურთელს გავცდი და გავიტანე. ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლია. ალბათ სკოლის გასაცდენად საპატიო მიზეზია არა? მასწავლებელს მაინც ბოდიში მოვუხადე..“

ერიკი:

„გიჟური დრო იყო. როდრიგო ყველა მატჩში იღებდა მონაწილეობას და ევროპიდან მსუყე შემოთავაზებებს ვიღებდით. კარგად მახსოვს, ოთახში „რეალის“ სურათი ჰქონდა. ყოველ ღამე, ძილის წინ მას უყურებდა.

ერთხელ ჩემი მეგობრები ლოცულობდნენ და ერთ-ერთმა თქვა, რომ როდრიგო „სამეფო კლუბში“ ითამაშებდა. რამდენიმე წლით ადრე „ბლანკოსის“ მაისურიც კი ვუყიდე. ვიცოდი, რომ მას აკვირდებოდნენ, მაგრამ „რეალისგან“ არაფერი ისმოდა.

ფლორენტინო პერესს დიდხანს ველოდებოდით. საბოლოოდ როდრიგო სხვა კლუბში გადადიოდა. მხოლოდ კონტრაქტზე იყო ხელი მოსაწერი..“

როდრიგო:

„თითქმის შევეგუე, რომ „რეალში“ არ ვითამაშებდი, მაგრამ 1% იმედი მაინც მქონდა. „ვიტორიასთან“ მატჩის წინ, მამა მოვიდა და მითხრა, რომ სხვა შემოთავაზებაც იყო. მე ვკითხე „რეალს“ ეხებოდა, თუ არა.. სამწუხაროდ არ ეხებოდა. მამას კიდევ ცოტა დრო ვთხოვე..“

ერიკი:

„ვფიქრობდი, რომ ის გაგიჟდა. მადრიდული გრანდით შეპყრობილი იყო. ვეუბნებოდი, რომ დათანხმებოდა სხვა გუნდის შეთავაზებას.“

როდრიგო:

„მამას ვუთხარი, რომ ამ კვირაში 3 გოლს გავიტანდი და „რეალი“ დარეკავდა. უბრალოდ მოცდა იყო საჭირო. მშობლებმა მითხრეს, რომ ამას იმედოვნებდნენ, მაგრამ მათ თვალებში ამოვიკითხე, რომ არ სჯეროდათ..

შემდეგი მატჩის დრო დადგა..

22-ე წუთი - გავიტანე

26-ე წუთი - გავიტანე

31-ე წუთი - გავიტანე

ჰეთ-თრიკი ცხრა წუთში..

პირველი ტაიმის შემდეგ, დარწმუნებული ვიყავი, რომ „ბლანკოსი“ მამაჩემის ნომერს არკვევდა..“

ერიკი:

მატჩის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს: „თქვენი შვილი დაინტერესებულია „რეალში“ თამაშით?“

როდრიგო:

„სახლში, რომ მივედი ვიკითხე იყო, თუ არა ზარი მადრიდიდან. მამამ მითხრა, რომ არა.. გავნადგურდი.. მეორე დღეს ვარჯიში არ მქონდა და კომპიუტერს ვთამაშობდი. დავინახე მამა გარეთ გადიოდა და დედას ვკითხე სად მიდიოდა. მან მიპასუხა, რომ უბრალოდ მეგობრის სანახავად..

გვიან ღამით დაბრუნდა. მე ჯერ კიდევ ვთამაშობდი. გვერდზე ჩამიარა და ჩემს ოთახში შევიდა.. უკან „რეალის“ მაისურით ხელში დაბრუნდა, რომელსაც უკან როდრიგო ეწერა.

მან მითხრა: „შვილო, დღეს შენი ოცნება რეალობად იქცა.“

ჯერ მას შევხედე..

შემდეგ მაისურს..

ვერ მივხვდი..

შემდეგ მან ამიხსნა, რომ მატჩის შემდეგ მას მადრიდიდან დაურეკეს და სან პაულუში გაემგზავრა. იქ შეთანხმებას ხელი მოაწერა და ყველაფრის გარკვევამდე ჩემთვის არაფრის თქმა არ სურდა..

ჩავეხუტე.. ეს საოცრება იყო..

მხოლოდ ღმერთს შეეძლო ამის გაკეთება..

ერიკი:

„ ეს იყო ბედი. ის მხოლოდ 17 წლის იყო და „რეალმა“ კონტრაქტი გაუფორმა. ერთი წლის შემდეგ კი კლუბს შეუერთდა. 18 წლის ასაკში მსოფლიოს უდიდეს გუნდში აღმოჩნდა. გუნდში, რომელმაც ბოლო 5 სეზონში 4 ჩემპიონთა ლიგა მოიგო. იქ მას ზიდანი გაწვრთნიდა, გესმით? ზიდანი!!“

როდრიგო:

მოედნის მიღმა ყველაფერი ადვილი იყო. იქ ბრაზილიელები დამხვდნენ. ვინისიუსი, კაზემირო, მილიტაო და მარსელო, რომელიც ჩემთვის მამასავით იყო, მაგრამ ნამდვილი პადრე ვინ არის ხომ იცით?

მოდრიჩთან ხშირად ვხუმრობთ, რომ ის ბებერია. ერთხელ კაზემირომ ყველას უთხრა, რომ მამაჩემი 36 წლის ხდებოდა. ლუკამ კი მითხრა, რომ მისთვის პატივი უნდა მეცა, რადგან მამაჩემის ასაკის იყო. ის საუკეთესოა ვისთანაც კი ოდესმე მითამაშია..

ლუკა ჰიჯოს მეძახის, მე კი პადრეს. მადრიდში სულ უნდა იბრძოლო და არასდროს გაჩერდე!! როგორც ბრაზილიაში ვამბობთ: „ლომი ყოველდღე უნდა მოკლა.“

ერიკი:

„იმ დღეს, როდესაც მან „გალათასარაის“ სამი გოლი გაუტანა, დავინახე, რომ ბურთი შეინახა და სახლში წაიღო. მაშინ ტრიბუნაზე ვიჯექი. როდესაც შევხვდი ძლიერად ჩავეხუტე, ცრემლები ვერ შევიკავე და ვუთხარი: „როდრიგო, შენ ჰეთ-თრიკი შეასრულე.

ბურთი გამოვართვი და ღამე მასთან ერთად დავიძინე. იმ ღამეს ის ზრდასრული იყო, მე კი პატარა.. ხანდახან მგონია, რომ ვერ ხვდება რა ხდება მის თავს..“

როდრიგო:

„2019 წლის ოქტომბერში ტიტეს ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა უნდა გამოეცხადებინა, მაგრამ მე არ მახსოვდა. სახლში ვიყავი და ბოლო სართულზე მეძინა. რამდენიმე მეგობარი კი ქვემოთ პრესკონფერენციას უყურებდა. ჩემი მშობლები ჩემი პატარა დის წამოსაყვანად იყვნენ გამოსული. უცებ ყვირილი გავიგე.

მეგონა, რომ მომეჩვენა და ძილი გავაგრძელე..

ამ დროს ჩემმა ტელეფონმა დარეკა..

დავხედე, მამა რეკავდა..

რატომ მირეკავდა იმ დროს?

ნახევრად მეძინა, მაგრამ მაინც ვუპასუხე.

მამა: „შვილო გილოცავ“

მე: „ჩემი დაბადების დღეა? თუ რამე განსაკუთრებული გავაკეთე?“

მამა: „შენ გამოგიძახეს!!“

მე: „სად? ხვალ თამაში არ გვაქვს“

თითქმის ხმა დაკარგულმა მიპასუხა: „ბრაზილია“!

რა??

ქვემოთ ჩავედი და მეგობრებს ჩავეხუტე. ტიტე ჯერ კიდევ ტელევიზორში ლაპარაკობდა. მშობლები მოვიდნენ და დიდი ზეიმი გავმართეთ..

როგორი ირონიულია - პირველად გამომიძახეს ნაკრებში და მეძინა..

როდესაც შეკრებაზე მივედი ყველა ჩემს გმირს ერთად შევხვდი. კაზემიროც კი, რომელსაც „რეალში“ ყოველდღე ვხედავდი ყვითელ მაისურში სხვანაირად გამოიყურებოდა. „სელესაოში“ ტრადიცია არსებობს. პირველ გამოძახებაზე ჯერ სახელს და დაბადების თარიღს ამბობ შემდეგ კი მღერი. ყველას წინაშე დავდექი და ხმის კანკალით დავიწყე სიმღერა..

ერიკი:

„არგენტინის და მესის წინააღმდეგ დებიუტის დროს ვტიროდი. ის ჯერ მხოლოდ 18 წლის იყო.“

როდრიგო:

„ეს ბედისწერა იყო. სხვანაირად როგორ შეიძლება ავხსნა ეს ყველაფერი და ჩემპიონთა ლიგის მოგება?“

„სიმართლე ისაა, რომ პანდემიის დროს გულშემატკივრების და ბერნაბეუს გარეშე ვიბრძოდით. როდესაც პანდემია დასრულდა ჩვენს წმინდა მიწაზე დავბრუნდით. ეს არ არის მხოლოდ თეთრი მაისური და ჰიმნი. სტადიონამდე მისასვლელ გზაზე გულშემატკივრები გაცილებენ და ავტობუსიდან ეს ყველაფერი ჯადოსნურად მოჩანს. ჩვენ ვიცით, რომ მადრიდის „რეალი“ და ჩემპიონთა ლიგა ერთი სიყვარულის ისტორიაა. ეს არის ბედი..

„ბენფიკასთან უნდა გვეთამაშა, მაგრამ წილისყრა ახლიდან ჩატარდა და პსჟ-ს შევხვდით. პარიზში 0:1 წავაგეთ. ბერნაბეუზე მბაპემ გაიტანა და ჯამში 0:2-ს ვაგებდით. მადლობა ღმერთს ბენზემასთვის! როდესაც მესამე გოლი გაიტანა არც კი გვჯეროდა..

ყველა თამაშში გაგვიჭირდა. „ჩელსი“ სტუმრად 3:1 დავამარცხეთ და სახლში 0:3-ს ვაგებდით. ანჩელოტიმ დამიძახა და მითხრა, რომ თამაში უნდა შემეცვალა. მოედანზე გასვლიდან სულ ცოტა ხანში მოდრიჩმა კარგ პოზიციაში დამინახა და საუცხოო პასი გამიკეთა - გოოოოოოოოოლ!! მადლობა პადრე!! ედუარდო მენდი ელოდა, რომ შორეული კუთხეში დავურტყამდი, მაგრამ სხვანაირად მოვიქეცი. რატომ? დღემდე არ ვიცი..


ბევრი ამბობს, რომ გაგვიმართლა.. რეალურად, „ჩელსის“ შეეძლო ჩვენი დამარცხება, მაგრამ ჩვენმა სულმა ეს არ დაუშვა..

„სიტისთან“ მატჩი სიურეალისტური იყო. როდესაც კარიმი პირველი მატჩის მიწურულს პენალტის შესასრულებლად იდგა ყველა ვნერვიულობდით, რადგან მან „ოსასუნასთან“ ორი თერთმეტმეტრიანი გააფუჭა. არ მახსოვს, მაგრამ ვიღაცამ თქვა, რომ ის „პანენკას“ შეასრულებდა. ბენზემა ამაზე ვარჯიშობდა, მაგრამ არ გვჯეროდა, რომ ასეთ მნიშვნელოვან დროს ამას იზამდა..

მოგვიანებით ვუთხარი: „მეგობარო, შენ გიჟი ხარ.“ - მას უბრალოდ გაეცინა..

გენიოსები ცოტა გიჟები არიან..

როდესაც ბერნაბეუ გაქვს, სტუმრად წაგებული 3:4 მოგებას ჰგავს.. სახლში მხოლოდ 1:0-ის მოგება გვჭირდებოდა, მაგრამ „სიტიმ“ გაგვიტანა.. 3:5-ს ვაგებდით.. კარლომ ჩვეულებისამებრ დამიძახა და მითხრა: „თამაში შეცვალე.“

როდესაც ანგარიში გავათანაბრე 90 წუთის ამოწურვამდე 40 წამი იყო დარჩენილი. შემდეგ დავინახე, რომ მსაჯმა 6 წუთი დაამატა.

ბერნაბეუ გაგიჟდა!! კარვახალი ჩაწოდებას აპირებდა. საჯარიმოში ცოტა ადრე შევირბინე, მცველის უკან დავდექი, დანიმ ჩააწოდა..

ავხტი..

ასენსიოც ახტა, ბურთმა თავთან ჩაუარა და ჩემთან მოვიდა.. დავარტყი..

გოოოოლ!!

2:1


არ შეიძლება სიმართლე იყოს..

არავინ იცოდა რა გაგვეკეთებინა, პატარა ბავშვებივით ვხტუნავდით. მთელი სათადარიგოთა სკამი სტადიონზე შემოვარდა. თითქოს სანტიაგო ბერნაბეუს კედლები ხმას გამოსცემდა. რამდენიმე წამით ადრე აჩვენეს, რომ ფინალში გასვლის შანსი 99% „სიტის“ ჰქონდა.

ვფიქრობ, იმ ღამეს ღმერთმა გადმომხედა და მითხრა: „დღეს შენი დღე იქნება.“

საერთო ანგარიში 6:6 იყო, მაგრამ „სიტის“ უკვე წაგებული ჰქონდა. ეს მათ სახეზე ამოვიკითხეთ. უბრალოდ წინ უნდა წავსულიყავით და გაგვეტანა. როდესაც ლამაზ ამბავზე საუბრობთ, მის რაციონალიზაციას ცდილობთ. საუბრობთ ტაქტიკებზე და ასეთ რაღაცებზე.

ამას ვერავინ ახსნის..

ფინალი „ლივერპულთან“? სიმართლე გითხრათ, მათ ჩვენზე უკეთ ითამაშეს, მაგრამ ვიცოდით, რომ „რეალი“ ფინალში ყოველთვის იმარჯვებს. ჩვენი საიდუმლო ჩვენი მენტალიტეტია!!

როგორც ჩვენი გულშემატკივრები ამბობენ: “Hasta el final”

დასასრულამდე..“

ერიკი:

„მას ყოველდღე ვეუბნები: „ჩემთვის შენ მსოფლიოში საუკეთესო ხარ.“ თუ მე არ მჯერა მისი, მაშინ ვინ დაიჯერებს? დანარჩენი მისი გადასაწყვეტია..“

როდრიგო:

„უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ეს ოცნება, რომელშიც ვცხოვრობ სამუდამოდ გაგრძელდება..

არ მინდა, რომ ოდესმე გამეღვიძოს..“ - მე როდრიგო ვარ

გაზიარება: