განელი და ბრაზილიელი ლეგიონერები - სამგურალი ძლიერდება
წყალტუბოს „სამგურალმა“ 23 წლის განელი საყრდენი ნახევარმცველი ჯუდ არტური დაიმატა, რომელიც იმერულ კლუბს თურქულ შეკრებაზე, ანტალიაში შეუერთდა.
ფოტო: „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭელიძე, ჯუდ არტური და სპორტული დირექტორი მიხეილ აშვეთია
ჯუდ არტურს ფინეთის უმაღლესი ლიგის კლუბებში, სიკ-სა და ჰაკა-ში უთამაშია. საერთო ჯამში ვეიკაუსლიგაში 53 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა.
განელის გარდა გიორგი ჭელიძის გაწვრთნილ გუნდში 22 წლის ბრაზილიელი მარცხენა მცველი ლუიშ ფერნანდო ბული დაიმატა, რომელსაც ბრაზილიის სერია D-ს კლუბებში, რიო დე ჟანეიროს „ბოავიშტასა“ და „იკასაში“ უთამაშია. ჯუდ არტურის მსგავსად „სამგურალს“ ბრაზილიელი მოთამაშეც თურქულ შეკრებაზე შეუერთდა.
შეგახსენებთ, მიმდინარე თვეში „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი მოულოდნელად გიორგი მიქაძემ დატოვა, ახალ სეზონში „სამგურალს“ გიორგი ჭელიძე გაწვრთნის.
ფოტო: „სამგურალის“ პრესსამსახური