ტენ ჰაგი: “პირველ წრეში არსენალს კაზემიროს გარეშე მოვუგეთ“
პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „არსენალი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რა თქვა ტენ ჰაგმა?
„მარსიალზე და დალოზე ახალი ინფორმაცია არ გვაქვს. ისინი თავს კომფორტულად არ გრძნობენ. ვერც სანჩოზე გეტყვით ვერაფერს, რადგან მან გუშინ გუნდთან ერთად პირველად ითამაშა. ის დიდი ხანი იყო ტრავმირებული. რაც შეეხება ტრანსფერებს, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ ხარ ყოველთვის სიახლეზე და განვითარებაზე უნდა ფიქრობდე და ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ.
პირველ წრეში „არსენალი“ კაზემიროს გარეშე დავამარცხეთ და ვიცით როგორ უნდა გავიმეორეთ ეს მის გარეშე. ლონდონელები ბრწყინვალე გზაზე დგანან და პირველ პოზიციაზე დამსახურებულად იმყოფებიან. მათი შეჩერება შეგვიძლია და ეს მხოლოდ ჩვენ თავზეა დამოკიდებული.
პირველ წრესთან შედარებით, ჩვენი სიტუაცია ბევრად გაუმჯობესდა და ახლა ბევრად დალაგებული სიტუაციაა. არტეტას ბრწყინვალე გუნდი ჰყავს, რომელშიც ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ. არაფრის გვეშინია. კარგად ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ. პრიორიტეტი 3 ქულაა.“
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის პრემიერ ლიგას 48 ქულით სწორედ „მეთოფეები“ ლიდერობენ. „იუნაიტედი“ კი 39 ქულით მესამე პოზიციას იკავებს. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 22 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.