საქართველოს ქალთა ნაკრები ხორვატიის დიდი პრიზის გამარჯვებულია
ტყვიის სროლაში ხორვატიის დიდ პრიზზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა. ნინო სალუქვაძის, ლიკა კილაძისა და მარიამ ფროდიაშვილის ტრიომ ფინალში უკრაინის ნაკრების წარმომდგენლები დამაჯერებლად 17:3 დაამარცხა. უკრაინელები ვერცხლის მედალს დასჯერდნენ, ბრინჯაოს მედალი კი ხორვატიამ მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპზე დიდი წარმატებით გამოვიდა, 851 ქულით გაიმარჯვა და უკრაინას 5 ქულით გაუსწრო.
აღნიშნულ ტურნირზე 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში საქართველოს ვაჟათა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
დასკვნით შეხვედრაში საქართველომ დიდი ბრიტანეთის ნაკრებს 16:12 მოუგო. საქართველო 2:6 მარცხდებოდა, თუმცა შემდეგ ლევან ქადაგიძემ, ცოტნე მაჭავარიანმა და აკაკი მოსულიშვილმა ზედიზედ 4 სერია მოიგეს და საქართველოს ნაკრები დაწინაურდა - 10:6. შემდეგ ანგარიში გათანაბრდა - 12:12, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაეუფლა, ზედიზედ ორი სეტი მოიგო და გაიმარჯვა - 16:12.