„ნაპოლის ოცნება სწორედ ის იყო“ - ვის უნდა შეეცვალა ინსინიე
Corriere dello Sport-ის იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბიო მანდარინიმ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას უკავშირდება. მანდარინიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელსაც „პარტენოპეი“ ლორენცო ინსინიეს შემცვლელად მოიაზრებდა და ის „კვარა“ არ გახლდათ.
„გეტყვით, ნაპოლის ნამდვილი ოცნება რა იყო. მასზე პატარა ჩიტმა მიამბო. კრისტიანო ჯუნტოლისა და აურელიო დე ლაურენტისს ლორენცო ინსინიეს შემცვლელად ფეიენოორდის შემტევის, ლუის სინისტერას გადაბირება უნდოდათ“.
იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, სინისტერას ტრანსფერზე საბოლოო უარი ნეაპოლური გუნდის პრეზიდენტმა განაცხადა, რაც მისმა ღირებულებამ განაპირობა. „ლიდსმა“ სინისტერას სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადა და კოლუმბიელი ფეხბურთელი ჯერჯერობით იმედებს ვერ ამართლებს.
ცნობისთვის, სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ საგოლე პასების რაოდენობით სერია A-ში მეორე ადგილზეა, მას მხოლოდ მილინკოვიჩ-სავიჩი უსწრებს, რომელმაც 8 საგოლე პასი შეასრულა.