იუვეს სერიოზული პრობლემები აქვს - იტალიაში ითხოვენ, 9 ქულა დააკლონ
ტურინის „იუვენტუსს“ სერიოზული პრობლემები აქვს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა პროკურორმა ოფიციალურად მოითხოვა, რომ „ბებერი ქალბატონი“ დასაჯონ და მიმდინარე სეზონში ქულები ჩამოაკლონ. ჯუზეპე ჩინე „ბიანკონერისთვის“ 9 ქულის დაკლებას ითხოვს.
როგორც მოგეხსენებათ, „იუვეს“ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ტურინელებს ხელფასებით მანიპულირებაში, საეჭვო ტრანსფერების განხორციელებაში და ბუღალტრული აღრიცხვის გაყალბებაში ადანაშაულებენ. იტალიური პრესის ინფორმაციით, ჩინეს ახალი სამხილები აქვს, რომლებიც ამტკიცებს, რომ „ბიანკონერიმ“ წესები დაარღვია. ამ სამხილთა შორისაა ფაბიო პარატიჩის ე.წ „შავი წიგნი“, რომელშიც კლუბის შემოსავალზეა საუბარი.
იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ქულების დაკლებით არ კმაყოფილდება. მას სურს, რომ „ბიანკონერის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა პარატიჩიმ 12-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღოს. ექს-პრეზიდენტის, ანდრეა ანიელის შემთხვევაში, იგივე სასჯელი 16 თვით განისაზღვროს. პაველ ნედვედი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, 12 თვით დასაჯონ, ხოლო მოქმედი სპორტული დირექტორი, ფედერიკო ჩერუბინი - 20 დღით.
შეგახსენებთ, რომ სპორტული იურისტის, მატია გრასანის ინფორმაციით, „ბებერ ქალბატონს“ სერია B-ში დაქვეითება ემუქრება. გრასანის მიხედვით, არის შანსი, მიმდინარე გამოძიება „კალჩოპოლიზე“ ხმაურიანი სკანდალი გამოდგეს და „ბიანკონერის“ სერიოზული სანქციები დაეკისროს.