„მინდა, ოცნებები რეალობად ვაქციო“ - ტროსარი არსენალის ფეხბურთელია
ლეანდრო ტროსარი „არსენალის“ ფეხბურთელია. ბელგიელი შემტევი „მეთოფეებს“ ოფიციალურად შეუერთდა და ლონდონურ კლუბთან გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმა.
Welcome to The Arsenal, Leandro Trossard ❤️
— Arsenal (@Arsenal) January 20, 2023
„მოხარული ვარ, რომ აქ გადმოვედი. არსენალი დიდი კლუბია და მზად ვარ, ქომაგებს ვუჩვენო ის, რასაც ისინი ჩემგან ითხოვენ. ყველა ხედავს, რა კარგი პერიოდი გვიდგას და აქ იმიტომ ვარ, რომ როგორც გულშემატკივრების, ისე ჩემი ოცნებები რეალობად ვაქციო. თავდაუზოგავად ვიმუშავებ და ვეცდები, გუნდს მიზნების მიღწევაში დავეხმარო. ვიცი, რომ არსენალს შესანიშნავი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და იმედი მაქვს, სიდიადის შექმნაში მონაწილეობას მეც მივიღებ.
მოუთმენლად ველი მომენტს, როცა ტრიბუნებზე ქომაგებს ვიხილავ. მაქსიმუმს გავაკეთებ და მინდა, რაც შეიძლება, მეტი დაუვიწყარი მომენტი შევქმნა და გუნდთან ერთად, წარმატება ვიზეიმო. მითხრეს, რომ ჩემდამი, როგორც ფეხბურთელისადმი, სიმპათიები აქვთ და მინდა, აქაურ სისტემას იდეალურად მოვერგო. ვფიქრობ, დამეხმარება ის, რომ უნივერსალი ვარ და სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შემიძლია“, - განაცხადა ბელგიელმა ფეხბურთელმა.
ცნობისთვის, ტროსარმა მიმდინარე სეზონში „ბრაიტონის“ მაისური 17 შეხვედრაში მოირგო, თუმცა დეკემბრის ბოლოს, „არსენალთან“ განცდილი მარცხის შემდეგ არ უთამაშია. „ბრაიტონის“ თავკაცის, რობერტო დე ძერბის თქმით, მან ერთ-ერთი ვარჯიში ნაადრევად დატოვა და ადგილი სწორედ ამიტომ დაკარგა. ბელგიელის აგენტმა „თოლიების“ თავკაცი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მან მისი კლიენტის დამცირება სცადა.