საკადრო ცვლილებები კოლხეთში - ჯუღელი ახალი სეზონისთვის ემზადება
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში აღზევებული ფოთის „კოლხეთი“ 9 ფეხბურთელით გაძლიერდა. მათ შორის არიან როგორც გამოცდილი, ასევე კარიერის სტარტზე მყოფი მოთამაშეები. ინფორმაცია 9 ახალწვეულის შესახებ კლუბმა ოფიციალურად დაადასტურდა.
კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მილანში მიმდინარე წლის 5 იანვარს „კოლხეთის“ ხელმძღვანელების, კლუბის დირექტორის ზაზა ინაშვილისა და კლუბის მმართველის, მამუკა ჯუღელის შეხვედრა შედგა. „ინტერი“ - „ნაპოლის“ მატჩის შემდეგ გუნდის მომავალზე ისაუბრეს და გეგმები დასახეს. მოგვიანებით, კლუბმა 9 ფეხბურთელის დამატება დაადასტურა.
ზაზა ინაშვილი და მამუკა ჯუღელი მილანში
21 წლის განელი ფორვარდი რამინ დოობი, რომელსაც კრისტალბეთ ეროვნული ლიგის „სამტედიასა“ (2021) და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის „შევარდენში“ (2021) უთამაშია. 2022 წლის სეზონში „სიონის“ რიგებში 5 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო.
თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილმა ლუკა ხარშილაძემ ესპანური „საბადელი“ დატოვა და „კოლხეთის“ მოთამაშე გახდა. 20 წლის მეკარეს საქართველოს 16, 17 და 18 წლამდე ნაკრებებში უთამაშია.
ფოტოზე: ლუკა ხარშილაძე ესპანური გუნდის ფორმაში
28 წლის ფორვარდმა მამია გავაშელიშვილმა წყალტუბოს „სამგურალი“ დატოვა და 2023 წლის სეზონს „კოლხეთში“ გაატარებს. მან კარიერის დიდი ნაწილი თბილისის „ლოკომოტივში“ გაატარა, გასულ სეზონში კი „სამგურალის“ რიგებში მოლოდინი ვერ გაამართლა, 24 შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლი შეაგდო.
ფოტოზე: მამია გავაშელიშვილი და ხესუს ვალეხო
20 წლის შემტევი დავით ზურაბიანი ბათუმის „დინამოს“ საკუთრებაა და „კოლხეთში“ იჯარით ითამაშებს. მას საქართველოს 17 და 18 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. გასულ სეზონში იჯარით „სიონში“ ითამაშა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24 შეხვედრაში 1 საგოლე პასი შეასრულა. 24-დან 12 შეხვედრაში შეცვლაზე ითამაშა.
„კოლხეთში“ ითამაშებს 19 წლის უკრაინელი მეკარე არტიომ ფასტოვი, რომელიც ბოლოს ლიეტუვის „იონავას“ წევრი იყო. ფოთურმა კლუბმა „ბორჯომიდან“ 18 წლის მამუკა კაპანაძე დაიმატა, გორის „დილადან“ - 17 წლის მცველი კოკა გიუნაშვილი, თბილისის „დინამოს“ აკადემიიდან ორი ნახევარმცველი: 17 წლის გიორგი რობაქიძე და 18 წლის ნიკოლოზ გოგებაშვილი. ასევე, „კოლხეთის“ მეკარეების მწვრთნელად ფოთური კლუბის ყოფილი ფეხბურთელი გია გოგუა დაინიშნა.
ასევე გეტყვით, რომ 2022 წლის სეზონის დასრულების შემდეგ კლუბი 8 ფეხბურთელმა დატოვა. ეს მოთამაშეები არიან: დიმიტრი ტატანაშვილი, თორნიკე მუმლაძე, ლუკა შეროზია, გიორგი კახელიშვილი, ბექა კაკუშაძე, გიორგი ნაფიშვილი, ნიკა ბოსტოღანაშვილი და ბექა გაბისკირია.