„თუ მუდრიკი 100 მილიონი ღირს, ხვიჩას ფასი 300 მილიონია“ - ამბობს ილიე დუმიტრესკუ
რუმინეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ილიე დუმიტრესკუ მიხაილო მუდრიკში გადახდილი 100 მილიონი ევროს გამო, აღშფოთებული დარჩა. მისი თქმით, თუ უკრაინელის სანაცვლოდ ამხელა თანხა გადაიხადეს, მაშინ ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი უნდა გახდეს.
„მუდრიკის თამაში არ მინახავს, მაგრამ მასში გადახდილი თანხა მოწმობს, რომ ის ფენომენალური ფეხბურთელია. ვნახოთ, ამას პრემიერ ლიგაში თუ დაამტკიცებს, მაგრამ მოდით, ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელია 12-15 მილიონის სანაცვლოდ გაიფორმა და მას შემდეგ, რაც კვარამ ჩემპიონთა ლიგაზე და სერია A-ში გააკეთა, მისმა მსურველმა კლუბმა პარტენოპეის 300 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს“.
შეგახსენებთ, რომ ბოლო შეხვედრაში, „ნაპოლიმ“ „იუვენტუსი“ შინ 5:1 გაანადგურა. ამ მატჩში კვარაცხელიამ მონაწილეობა 4 გოლში მიიღო. მან გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გარდა ამისა, პირველი გოლის მომენტში მისი დარტყმა აკრობატულ ნახტომში მეკარემ მოიგერია და დამატებაზე ოსიმენმა შეაგდო.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ საგოლე პასების რაოდენობით სერია A-ში მეორე ადგილზეა, მას მხოლოდ მილინკოვიჩ-სავიჩი უსწრებს, რომელმაც 8 საგოლე პასი შეასრულა.