მიხაილო მუდრიკი
Aa
Aa

მუდრიკის სანაცვლოდ გადახდილი თანხის ნაწილი უკრაინელ ჯარისკაცებს მოხმარდება

ლონდონის „ჩელსიმ“ მიხაილო მუდრიკი გაიფორმა და მის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადა. უკრაინული კლუბის ინფორმაციით, „არისტოკრატების“ მიერ გადახდილი თანხის ნაწილი რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ჯარისკაცების დასახმარებლად გადაირიცხება.

„შახტარმა ჩელსისთან დოკუმენტებს ხელი მოაწერა და მუდრიკი კარიერას ლურჯების რიგებში გააგრძელებს. პირველ რიგში, მინდა, ცივილიზებულ სამყაროს მადლობა გადავუხადო, რადგან უკრაინას ეხმარება. დღეს, უკრაინულ ფეხბურთზე საუბარი რომ შეგვიძლია, ეს უკრაინის არმიის, უკრაინელი ხალხისა და ცივილიზებული სამყაროს უდიდესი მხარდაჭერის დამსახურებაა. მხოლოდ გაერთიანებული ძალებით შევძლებთ ბოროტების დამარცხებას, რომელიც ჩვენს სახლებში შემოიჭრა.

არასდროს დამიმალავს, რომ ჩემი ოცნება ევროპული ტიტულების მოგებაა. ეს ნიშნავს, რომ მუდრიკისნაირი ფეხბურთელები ჩვენთან უნდა თამაშობდნენ და უკრაინას არ ტოვებდნენ, მაგრამ რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებული საზარელი და უსამართლო ომის გამო, ეს შეუძლებელია. ამ ყველაფრის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ და ჩელსისთან ამხანაგურ შეხვედრას უკრაინულ დონეცკში, დონბას არენაზე გავმართავთ.

მინდა, გაცნობოთ, რომ გადავწყვიტე, პროექტი „აზოვსტალის გული“ გავუშვა, რომლის მიზანიც მარიუპოლის დამცველებისა და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების დახმარება იქნება. ტრანსფერიდან 25 მილიონს გამოვყოფ, რათა ჩვენს ჯარისკაცებს, დამცველებსა და მათ ოჯახებს დავეხმარო. თანხას სხვადასხვა მიზნებისთვის გამოვიყენებთ და გამჭვირვალობის შესანარჩუნებლად, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდს შევქმნით, რომელსაც აზოვსტალის დამცველებთან, მათ ოჯახებთან და მოხალისეებთან რეგულარული კონტაქტი ექნება“, - ნათქვამია შახტარის პრეზიდენტის, რინატ ახმეტოვის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ საკუთარ გულშემატკივრებს მუდრიკი „კრისტალ პალასთან“ გასამართ მატჩამდე წარუდგინა და იგი ქომაგებს წინაშე უკრაინის დროშით წარდგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
16 იანვრის სატრანსფერო ზონა
16 იანვრის სატრანსფერო ზონა