ჯოელ ემბიდი, ლებრონ ჯეიმსი, ჯეიმს ჰარდენი, რასელ უესტბრუკი
Aa
Aa

ლებრონის მეფური მიღწევა - NBA-ის ისტორიაში მეორეა, ვინც ეს გააკეთა

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ სუპერვარსკვლავი, ლებრონ ჯეიმსი ჩვენს თვალწინ ისტორიის წერას განაგრძობს. გამთენიისას, „ლეიკერსი“ „ფილადელფია სევენთი სიქსერსს“ დაუპირისპირდა და 1 ქულით, 112:113 დამარცხდა.

ლებრონი თავის გუნდში საუკეთესო იყო და აქტივში 35 ქულა, 10 შედეგიანი გადაცემა, 8 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა. ჯეიმსმა 38 000-ქულიანი ნიშნული გადალახა და NBA-ის ისტორიაში მეორე კალათბურთელი გახდა, ვინც ეს გააკეთა. „მეფეს“ კარიერაში 38 024 ქულა აქვს ჩაგდებული და ყველა დროის საუკეთესო მექულეთა სიაში მხოლოდ კარიმ აბდულ-ჯაბარს ჩამორჩება - 38 387 ქულა.

საინტერესოა, რომ „ლეიკერსს“ გამარჯვების მოპოვება შეეძლო და ბოლოს მან შეუტია, თუმცა გადამწყვეტი იერიშის წარმართვა საკუთარ თავზე არა ლებრონმა, არამედ რასელ უესტბრუკმა აიღო, რამაც ქომაგთა შორის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. „ბროდის“ კარგი შეხვედრა ჰქონდა და 20 ქულა, 14 მოხსნა და 11 ასისტი გააკეთა, თუმცა „ლეიკერსის“ გულშემატკივრების კრიტიკას მაინც ვერ გადაურჩა.

„ფილადელფიას“ რაც შეეხება, ბრწყინვალე იყო ჯოელ ემბიდი, რომელმაც მატჩი 35 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა და ბოლო შეტევაში უესტბრუკის წინააღმდეგ დაცვაში კარგად ითამაშა. ჯეიმს ჰარდენს 24 ქულა და 13 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა, ტაირიზ მექსიმ კი 16 ქულა ჩააგდო.

ამრიგად, „ლეიკერსს“ 19 მოგება და 24 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. ლოს ანჯელესელების მომდევნო გაჩერება „ჰიუსტონ როქეთსია“. „ფილადელფია“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 პოზიციაზეა და მომდევნო შეხვედრას „კლიპერსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„2021 წელს ბაიერნს კვარას ყიდვა შეეძლო“ - რას წერს გერმანული სააგენტო
„2021 წელს ბაიერნს კვარას ყიდვა შეეძლო“ - რას წერს გერმანული სააგენტო