„დეპრესია მჭამს, ვინმე დამეხმარეთ“ - ვეტერანი ბორჯღალოსანი დახმარებას ითხოვს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი წევრი, ანტონ ფეიქრიშვილი ცხოვრების მძიმე პერიოდზე ჰყვება. ფრანგული სარაგბო გამოცემა, RugbyRama ვეტერანი მორაგბის წერილს ავრცელებს, რომელშიც ფეიქრიშვილი კარიერის დასრულების შემდეგ გამოწვეულ დეპრესიაზე საუბრობს, რომელიც დღემდე გრძელდება. ვეტერანი ბორჯღალოსანი დახმარებას ითხოვს.
რას ამბობს ფეიქრიშვილი:
ვცდილობ, გადმოგცეთ ის ცოდნა, რომელიც 12 წლის განმავლობაში ტოპ 14-ში, ან კარდიფში, „სელტიკში“ დავაგროვე. ახლა შერკინების წევრებს ვავარჯიშებ და ვფიქრობ, რომ ამ საქმეში გარკვეული ცოდნა მაქვს.
შვიდი თვეა დეპრესია მჭამს. როგორც კი თვალებს ვხუჭავ, თავში გამუდმებით ჩამესმის ხმა: შეხედე საკუთარ თავს, შენ არაფრის მაქნისი არარაობა ხარ. ამ ხმას ვერ ვაჩუმებ, აღარ შემიძლია...
ვიცი, რომ ბევრ მოთამაშეს აწუხებს მსგავსი პრობლემა, მაგრამ ისინი ამაზე საუბარს ვერ ბედავენ. თუმცა, ადრე თუ გვიან ამაზე აუცილებლად უნდა ილაპარაკონ. როდესაც პოლ ალო-ემილის ინტერვიუ წავიკითხე, მომინდა ჩავხუტებოდი და მეთქვა: ჩვენ ერთ ნავში ვართ, ჩემო პატარა ძმაო“. პროფესიონალურ კლუბები ყოველთვის უპირატესობას თავიანთ ვარჯიშებს ანიჭებენ. მათ ჰყავთ ვიდეოანალიტიკოსები, ისინი კისერზე GPS-ს გვიკეთებენ, მაგრამ არ გვეხმარებიან, როდესაც თავში ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. კარიერის შემდგომი ცხოვრებისთვის არავინ მამზადებდა. არავის უთქვამს, რომ ეს შესაძლოა რთული ყოფილიყო. ერთ დღეს, სტად დე ფრენსზე მწვერვალზე ხარ, მეორე დღეს კი, აღარაფერს წარმოადგენ.
პროფესიონალი მორაგბის სამყარო ხანდახან ძალიან ძნელია. ჩვენ რობოტებივით გვექცევიან. გასახდელში ძალადობენ, როდესაც მწვრთნელი გეუბნება, რომ შენ უსუსური ხარ, რადგან შებოჭვა ვერ შეასრულე, ყველაფერს შენ გაბრალებს. ბევრჯერ მქონია უძილო ღამე მწვრთნელის კრიტიკის შემდეგ, რომელიც ფიქრობდა, რომ ცუდი მოთამაშე ვიყავი, რადგან სამი კილომეტრი ვერ ვირბინე. გეფიცებით, მინახავს მატჩის შემდეგ აცრემლებული მოთამაშეები, მაგრამ თუ ამაზე ისაუბრებ, მაშინ სუსტი ხარ.
ჭამის წინ რაღაც აბებს გვაძლევდნენ, თუმცა აზრადაც არ მოგვდიოდა გაგვეგო ამას რატომ აკეთებდნენ, რას შეიცავდა ისინი. მოქმედებდა რამეში? არ ვიცი... და არც მინდა რომ ვიცოდე. უბრალოდ, მინდა ვინმე დამეხმაროს, რადგან უარესის თავიდან აცილება მსურს... არ მინდა ჩემი პატარა გოგო მარტო გაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ ანტონ ფეიქრიშვილი სხვადასხვა წლების განმავლობაში ფრანგულ „კასტრეში“ და „ბრივში“ თამაშობდა, ასევე, ის ორი წლის განმავლობაში უელსური „კარდიფ ბლუსის“ ღირსებასაც იცავდა. ვეტერან პირველხაზელს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებში 27 შეხვედრა აქვს ჩატარებული.