„20 მილიონი ძალიან ბევრია“ - რუბინმა იუვენტუსს დასცინა
იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსს“ უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით, 5:1 დაამარცხა.
ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ნეაპოლური კარიერის განმავლობაში ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. „ბიანკონერის“ წინააღმდეგ კვარამ 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამასთან, ქართველმა შემტევმა პირველი გოლის ეპიზოდზეც იქონია გავლენა, როდესაც შჩესნის კარში აკრობატული დარტყმით სცადა გოლის გატანა, თუმცა პოლონელმა მეკარემ აჯობა, რა დროსაც ვიქტორ ოსიმენმა დასწრებაზე იყოჩაღა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, კვარაცხელიას ყოფილმა გუნდმა, ყაზანის „რუბინმა“ სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკში“ ხვიჩას ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის „იუვენტუსის“ მაისურით გვევლინება და ამას „იუვეს“ კარში გატანილი გოლის ვიდეოც ერთვება. ასევე გვხვდება წარწერა - „იუვე 2021 წელს: 20 მილიონი მისთვის ძალიან ბევრია“.
@fcrk Priceless ???????? @xvichakvaracxelia ♬ оригинальный звук - FC Rubin Kazan
ბუნებრივია, ვიდეოს აზრს ყველა ხვდება. ტურინელებს 2021 წელს ხვიჩა კვარაცხელიას ყიდვა შეეძლოთ, თუმცა ყაზანელების მიერ ფეხბურთელის სანაცვლოდ მოთხოვნილი 20 მილიონი ევროს გადახდა არ ისურვეს, ზუსტად ორ წელში კი კვარამ მათ კარში გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 9 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.
კვარა VS იუვენტუსი