სიომინი: „ხვიჩას წასვლით ლოკომოტივმა 10 მილიონი დაკარგა“
იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. რუსულ მედიასთან ინტერვიუში გამოცდილმა რუსმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ხვიჩას „ლოკომოტივიდან“ წასვლა მის სამწვრთნელო კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო. სიომინი ასევე აღნიშნავს, რომ ეს მისი სურვილი არ ყოფილა, ხვიჩასთან დამშვიდობება კლუბმა გადაწყვიტა.
2019 წლის ზამთარში „რუსთავმა“ ხვიჩა მოსკოვის „ლოკომოტივში“ გაანათხოვრა, სადაც ფეხბურთელმა მხოლოდ ნახევარი სეზონი გაატარა. 2019 წლის ზაფხულში კლუბი დატოვა და კარიერა ყაზანის „რუბინს“ დაუკავშირა.
იური სიომინი:„რატომ არ მეკითხებით ხვიჩას წასვლის შესახებ? ის მე არ გამიშვია. ეს ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო. მისი წასვლით მოსკოვის „ლოკომოტივმა“ ათი მილიონი დაკარგა.
„იუვენტუსთან“ ბრწყინვალე იყო. ჩემი აზრით, ეს მატჩი მიმდინარე სეზონში ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ხვიჩამ მისი ინდივიდუალური თვისებები აჩვენა. გასულ შეხვედრებშიც ასეთივე იყო, თუმცა ფეხბურთელები იშვიათად აფიქსირებენ ასეთ ინდივიდუალურ სტატისტიკას: სამი საგოლე პასი და გოლი. ეს ფანტასტიკური შედეგია“.
შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ შინ „იუვენტუსი“ 5:1 გაანადგურა. ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ მონაწილეობა 4 გოლში მიიღო. მან გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გარდა ამისა, პირველი გოლის მომენტში მისი დარტყმა აკრობატულ ნახტომში მეკარემმოიგერია და დამატებაზე ოსიმენმა შეაგდო.