„ვაჩვენე, რომ სკამზე ჯდომა არ მიყვარს“ - მიქაუტაძე მთავარ მწვრთნელზე
ლიგა 2-ის მე-19 ტურში ლასლო ბოლონის გაწვრთნილმა „მეცმა“ შინ „ქუვილი რუენი“ 2:0 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძეს არ უთამაშია, მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა, მეორე დამატებულ წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0. მოგების შემდეგ ქართველმა თავდამსხმელმა Socios-fcmetz-თან ისაუბრა:
„ვიცი, რომ უკეთ თამაში შემიძლია. აქ არ ვჩერდები. მსურს გოლების გატანა გავაგრძელო და გუნდს დავეხმარო. კარგია, რომ დაუმარცხებელ სერიას ვაგრძელებთ. ახლა მესამე ადგილზე ვართ, თუმცა ასე უნდა გავაგრძელოთ. არ უნდა ვთქვათ, რომ ყველაფერი გაკეთებულია. ვიცით, რომ ლიგა 1-ში აღზევებისთვის მეორე ადგილზე უნდა გავიდეთ. ასე რომ, კვლავ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც გასულ შეხვედრებში ვიასპარეზეთ“.
ლიგა 2-ის ბოლო ორ შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა მეორე ტაიმში თამაშში ჩაერთო და ორივე მატჩში გოლი გაიტანა. ამასთან დაკავშირებით „მეცის“ ფორვარდმა განაცხადა:
„არ ვიცი, რატომ ვიჯექი სათადარიგოთა სკამზე, ეს კითხვა მწვრთნელს უნდა დაუსვათ. მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, თუმცა მინდოდა მისთვის მეჩვენებინა, რომ სკამზე ჯდომა არ მომწონს და უპირატესობას მინდორზე ყოფნას ვანიჭებ. მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის მეტოქე, „ნიმი“ თუ „ქუვილ რუენი“.
მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ში 18 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა. ბომბარდირთა დავაში მხოლოდ „ბორდოს“ ნიგერიელ თავდამსხმელს, ჯოშ მაჯას ჩამორჩება, რომელმაც 11 გოლი გაიტანა.