ლუკა ლოჩოშვილი, კახა კალაძე, კრემონეზე, მასიმილიანო ალვინი, დავიდე ბალარდინი
Aa
Aa

კალაძის ყოფილი მწვრთნელი ლოჩოშვილთან ? - კრემონეზემ ალვინი გაუშვა

სერია ა-ს საწყის 18 ტურში მასიმილიანო ალვინის გაწვრთნილმა „კრემონეზემ“ 1 გამარჯვებაც ვერ მოიპოვა, 7 მატჩი ფრედ დაასრულა და 11 შეხვედრაში დამარცხდა. 2003-04 წლების სეზონის შემდეგ „კრემონეზე“ პირველი გუნდია, რომელმაც ასეთი წარუმატებელი სერია დააფიქსირა. 

მე-18 ტურის შეხვედრა მასიმილიანო ალვინისთვის გადამწყვეტი იყო, წარუმატებლობის შემთხვევაში პოსტს დატოვებდა და მატჩის შემდეგ მისი წასვლა ოფიციალურად დადასტურდა. ლუკა ლოჩოშვილის გუნდი შინ „მონცასთან“ 0:3 მარცხდებოდა, საბოლოოდ მხოლოდ 2 საპასუხო გოლის გატანა შეძლო და მატჩი „მონცას“ გამარჯვებით 2:3 დასრულდა.

ამ შეხვედრაში ლუკა ლოჩოშვილს არ უთამაშია, სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

გასულ ზაფხულში ლუკა „ვოლფსბერგერიდან“ 1,6 მილიონი ევროს სანაცვლოდ „კრემონეზეში“ გადავიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი სერია ა-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, მის აქტივში 14 მატჩში 1 საგოლე პასია. ლუკა კარგ სეზონს ატარებს, დამაჯერებლობითა და საიმედოობით გამოირჩევა.

მასიმილიანო ალვინისთვის „კრემონეზეში“ მუშაობა დასრულდა. კლუბი მოლაპარაკებას „ჯენოას“ ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, დავიდე ბალარდინისთან აწარმოებს. ამ ეტაპზე მხარეებს შორის შეთანხმება არ მიღწეულა. ასევე, განიხილება „სამპდორიას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის, რობერტო დ'ავერსას კანდიდატურა.

აღსანიშნავია, რომ ბალარდინი 2010-11 წლებში კახა კალაძესთან მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით კალაძემ „ჯენოას“ რიგებში 23 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი „პარმას“ შეუგდო. La Gazzetta dello Sport-ის ვერსიით 2010-11 წლების სეზონის სერია ა-ს საუკეთესო მცველად ტიაგო სილვა დასახელდა, მეორე პოზიციაზე 33 წლის კალაძე გავიდა.

შეგახსენებთ, სერია ა-ს მიმდინარე სეზონში „კრემონეზე“ 7 ქულით ბოლო ადგილზეა, „ვერონასა“ და „სამპდორიას“ 2-2 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვინ ვარჯიშობდა ხვიჩას გასანეიტრალებლად?“ - კვარას გოლის ანალიზი
„ვინ ვარჯიშობდა ხვიჩას გასანეიტრალებლად?“ - კვარას გოლის ანალიზი