რეალი, ბარსელონა
Aa
Aa

რეალი VS ბარსელონა - მატჩის წინ

ესპანეთის სუპერ თასის ფინალში გულშემატკივრები „ელ კლასიკოს“ იხილავენ. ამ მატჩთან დაკავშირებით, CrystalSport ყველაზე საჭირო და საინტერესო სიახლეს ერთ სივრცეში გთავაზობთ.

„რეალი“

კარლო ანჩელოტის გუნდმა საკმაოდ მძიმე ნახევარფინალი გამოიარა. „სამეფო კლუბი“ „ვალენსიას“ დაუპირისპირდა. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. მადრიდელთა მხრიდან გოლი ბენზემამ გაიტანა, ხოლო „ღამურებიდან“ თავი ლინომ გამოიჩინა.

საბოლოოდ გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიამ გამოავლინა. „ბლანკოსიდან“ ზუსტად ბენზემამ, მოდრიჩმა, კროოსმა და ასენსიომ დაარტყეს. გატუზოს გუნდიდან კი თერმთმეტრიანი კიომერტმა და გაიამ ვერ გაიტანეს.

დანაკლისი:

ამ მხრივ მადრიდულ კლუბს პრობლემები აქვს. ფინალში ლუკას ვასკესი და ედუარდო კამავინგა დაშავდნენ. საუდის არაბეთში გუნდს დავიდ ალაბა და ჩუამენი ვერ გაყვნენ. გადაწყვეტილია, რომ ვასკესი ვერ ითამაშებს, ხოლო კამავინგასა და ედერ მილიტაოას თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

რა თქვა ანჩელოტიმ მატჩს წინ?

„ტყუილია, რომ „რეალის“ ფეხბურთელებს გამარჯვება მობეზრდათ. საუბარია იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც გუნდში 2013 წლიდან იმყოფებიან. ისინი ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერები არიან. „სამეფო კლუბს“ მაღალი სტანდარტები აქვს და შეუძლებელია იფიქრო, რომ ყველაფერს მიაღწიე.

მოედნის კონდიციები მომეწონა. ჰიბრიდულ საფარზე თამაში კომფორტულია. უკვე საკმარისი პრობლემები გვქონდა. არ ვიცი „ბარსელონას“ დამარცხება მაღალი ინტენსივობით შეიძლება თუ არა.

ასეთ მატჩში გასამარჯვებლად სრულყოფილად თამაშია საჭირო. დიახ, სრულყოფილი! ინტენსივობა გამარჯვების მთავარი გასაღები არ არის.ახლა ყველაზე მეტად დაცვის ხაზის მდგომარეობა მაღელვებს. „ვალენსიაზე“ გაცილებით უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ უაზრო გოლი გავუშვით. იმედი მაქვს, ასე აღარ განმეორდება.“

„ბარსელონა“

მსგავსად „რეალისა“, ნახევარფინალური დაპირისპირება არც „ბარსელონასთვის“ იყო ადვილი. „ბლაუგრანა“ ბეტისს შეხვდა. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში მე-40 წუთზე ლევანდოვსკიმ გახსნა, რასაც 77-ე წუთზე ნაბილ ფეკირმა უპასუხა და წონასწორობა აღადგინა.

დამატებითი ტაიმის 93-ე წუთზე ჩავის გუნდი ანსუ ფატიმ დააწინაურა, მაგრამ სულ მალე მორონმა გაათანაბრა და პენალტების სერია დაინიშნა. ლევანდოვსკიმ, პედრიმ, ფატიმ და პედრიმ თერთმეტმეტრიანები ზუსტად შეასრულეს. „ბეტისიდან“ კი ტერ შტეგენს ხუანმიმ და კარვალიომ ვერ აჯობეს.

დანაკლისი:

ამ მხრივ ჩავი ერნანდესს პრობლემა არ აქვს. „ბარსელონას“ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია და სათამაშოდ მზად არის.

რა თქვა ჩავიმ მატჩის წინ

„ბარსასთვის ეს არასდროს განიხილება. ჩვენ ვართ ბარსა და წავალთ თასის მოსაგებად. ჩემთვის ეს კლუბი ყველაზე მნიშვნელოვანია და ბარსა ერთ-ერთია იმ გუნდებს შორის, რომლებმაც ტიტულები უნდა მოიგოს. მიუხედავად იმისა, მოვიგებთ თუ წავაგებთ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას თასებისთვის. რეალთან გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ექნება.

სიტუაციას ისე ვუყურებთ, რომ ვალდებულნი ვართ მოვიგოთ. ჩვენ აქ ამისთვის ვართ. თუ ჩემს ნამუშევარს ახლა შევადარებთ იმ დროს, როცა ვთამაშობდი, ბევრი არაფერი შეცვლილა. ახლა უბრალოდ უნდა მოვამზადო გუნდი, რომ მოიგოს.

ფსიქოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია. მათ ფინალებში თამაშის მეტი გამოცდილება აქვთ, მაგრამ ჩვენ ენთუზიაზმით უნდა ვითამაშოთ. ვეცდებით, მთელი მატჩი ისე ვითამაშოთ, როგორც რეალ ბეტისთან საწყისი 60 წუთი იყო. სურვილი და ამბიცია კითხვის ნიშნის ქვეშ არც კი დგება.“

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ბარსელონას“ ფინალური დაპირისპირება 15 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები