რა შეფასება მიიღო ხვიჩამ Sofascore-ისგან და Whoscored-ისგან
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ უშუალო კონკურენტი, „იუვენტუსი“ გაანადგურა და „ბიანკონერის“ 5:1 მოუგო. ქართველმა ფეხბურთელმა საკუთარი გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა, რაც სტატისტიკურ პორტალებს არ გამოჰპარვიათ.
Sofascore-მა „კვარას“ თამაში 9 ქულით შეაფასა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო შედეგი იყო. ხვიჩას შემდეგ, ვიქტორ ოსიმენი მოდის, რომელმაც 8.6 მიიღო, კიმ მინ-ჯეს კი 8 დაუწერეს. „იუვენტუსის“ მხრიდან საუკეთესო ანხელ დი მარია იყო - 7.5.
იგივე ვითარება გვაქვს Whoscored-ის შეფასებებში. ამ წუთის მონაცემებით, სტატისტიკურმა პორტალმა ყველაზე მაღალი ქულა კვარაცხელიას დაუწერა - 9.8. მეორე ადგილზე ამ შემთხვევაშიც ვიქტორ ოსიმენია - 9.4, ამირ რაჰმანიმ კი 7.8 ქულა მიიღო.
ამრიგად, 18 ტურის შემდეგ, „პარტენოპეის“ 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. „კვარას“ გუნდს სერია A-ში მომდევნო შეხვედრა „სალერნიტანას“ წინააღმდეგ ელის და „ნაპოლის“ მოედანზე 21 იანვარს, თბილისის დროით, 21:00-ზე ვიხილავთ.