დიდი წმენდა ჩელსიში - სტემფორდ ბრიჯი შესაძლოა რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვოს
ლონდონის „ჩელსის“ რთული პერიოდი უდგას. „არისტოკრატები“ საშინლად თამაშობენ და გრემ პოტერს უამრავი თავსატეხი აქვს. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, „ლურჯების“ ხელმძღვანელები მას მხარდაჭერას ბოლომდე უცხადებენ და ვითარების გამოსასწორებლად დიდი წმენდის ჩატარებას გეგმავენ.
Telegraph-ის ცნობით, თუ უახლოეს მომავალში კლუბმა შედეგები არ გააუმჯობესა და 15 იანვარს, „კრისტალ პალასს“ ვერ მოუგო, ლონდონელები რამდენიმე ფეხბურთელს დაემშვიდობებიან, რომლებიც იმედებს ვერ ამართლებენ. ბრიტანული გამოცემის მიხედვით, რომან აბრამოვიჩისგან განსხვავებით, ტოდ ბოული პოტერის მხარეს იჭერს და მზადაა, ფეხბურთელებთან მიმართებით, რადიკალური ზომები მიიღოს.
„ჩელსის“ ხელმძღვანელები სამწვრთნელო შტაბში საკადრო ცვლილებების გატარებას არ აპირებენ და თუ არაფერი შეიცვალა, კრისტიან პულიშიჩს, ჰაკიმ ზიეჩს, კაი ჰავერცს, სეზარ ასპილიკუეტას, პიერ-ემერიკ ობამეიანგსა და კალიდუ კულიბალის დაემშვიდობებიან. ეს უკანასკნელი კლუბმა ზაფხულში, „ნაპოლისგან“ შეიძინა, მაგრამ მის ტრანსფერს წარმატებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.
შეგახსენებთ, რომ „არისტოკრატებმა“ ზედიზედ 3 მატჩი წააგეს და ბოლო 8 შეხვედრიდან 6-ში დამარცხდნენ. ლონდონელებს პრემიერ ლიგის 18 ტურის შემდეგ, 25 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციას იკავებენ.