„მოედანზე დაამტკიცოს, რომ შახტარში თამაში შეუძლია“ - პიატოვი გოჩოლეიშვილზე
„შახტარის“ 38 წლის გამოცდილმა მეკარემ, ანდრეი პიატოვმა მისი ქართველი თანაგუნდელის, უკრაინული კლუბის ახალწვეულის, გიორგი გოჩოლეიშვილის შესახებ ისაუბრა:
„გიორგი გოჩოლეიშვილი შემოგვიერთდა. ნებისმიერი საკითხის წამოჭრაში სიამოვნებით დავეხმარებით. მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. მოდით, მოედანზე დაამტკიცოს, რომ „შახტარში“ თამაში შეუძლია“.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გოჩოლეიშვილი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 2020 წლის სეზონიდან თამაშობდა. საერთო ჯამში, 21 წლის ფეხბურთელმა „საბურთალოს“ შემადგენლობაში 86 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე თვიდან „შახტარის“ ფეხბურთელია, გუნდთან ერთად სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება დაიწყო.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, გიორგიზე „შახტარის“ მთავარმა მწვრთნელმა, იგორ იოვიჩევიშმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველ ფეხბურთელს გუნდისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. მისი თქმით, გოჩოლეიშვილზე დასკვნების გამოტანა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც იგი „შახტარის“ რიგებში იასპარეზებს.