ქართველი ფეხბურთელის შედევრი იტალიის თასზე
საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილმა ფეხბურთელმა, 21 წლის დავით ლორთქიფანიძემ იტალიის სერია D-ს თასის 1/8-ფინალში საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა. „პრატოსთან“ შეხვედრაში ქართველმა შემტევმა „მაკრატელა“ დარტყმით გამარჯვების გოლი შეაგდო და მისი გუნდი „რიჩონე“ შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
დავით ლორთქიფანიძე ბერგამოს „ატალანტას“ აკადემიაში, „პადოვაში“, „არცაკენაში“, „ბრენოსა“ და „კარპიში“ ირიცხებოდა. ამჟამად, სერია D-ს კლუბ „რიჩონეში“ ასპარეზობს, იტალიის რანგით მე-4 ლიგის 19 მატჩში 3 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, სერია D-ს თასის ხუთ შეხვედრაში 1 გოლით დაეხმარა გუნდს.
Transfermarkt-ის მონაცემებით, 21 წლის შემტევი ორივე ფეხით კარგად თამაშობს. მას მოქმედ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს.
მას საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ასაკობრივ ნაკრებებში მისი თანაგუნდელები ეროვნული ნაკრების მოქმედი ფეხბურთელები, ხვიჩა კვარაცხელია, ანრი მექვაბიშვილი, ირაკლი აზაროვი და ზურიკო დავითაშვილი იყვნენ.
დავითის უმცროსი ძმა დაჩი „კრემონეზეს“ 19-წლამდე გუნდის ფეხბურთელია.