„მხოლოდ ერთი სუსტი წერტილი აქვს“ – El Desmarque და Relevo მამარდას აქებენ
„რეალთან“ გამართული მატჩის შემდეგ, „ვალენსიას“ ქართველ მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე ბევრი დაიწერა.„მამარდას“ სტატიები ისეთმა ცნობილმა გამოცემებმაც მიუძღვნეს, როგორებიც El Desmarque და Relevo არიან.
რას წერს El Desmarque
„ვალენსია ფინალში პენალტების გამო ვერ გავიდა და თერთმეტმეტრიანების სერიაში სტაბილურობის პოვნა უჭირს. კოპა დელ რეის ფინალში, ბეტისთან განცდილი მარცხიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ღამურებმა რეალთან წააგეს და გამოჩნდა, რომ პრობლემები, როგორც დამრტყმელებს, ისე მეკარეს აქვთ, რადგან გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც საკუთარი ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, დამაჯერებლად თამაშობს და მაღალ დონეს აჩვენებს, მისი კარის მიმართულებით დარტყმული 15 პენალტიდან ვერც ერთი აიღო. ამ მომენტისთვის, პენალტების სერია ალბათ, ქართველი ფეხბურთელის ერთადერთი სუსტი წერტილია“.
რას წერს Relevo
„ვალენსიაში გადასვლისას მამარდაშვილი ედინსონ კავანისნაირი ცნობილი ფეხბურთელი არ ყოფილა, მაგრამ თეთრების წინააღმდეგ მან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ შესანიშნავ დონეზე იმყოფება. და თან, ეს იმ მეკარის პირისპირ გააკეთა, რომელსაც ადარებენ. ბავშვობაში, გიორგის მისაბაძი მაგალითი მანუელ ნოიერი იყო და მამარდაშვილი ყოველთვის ცდილობდა, გერმანელის მოძრაობები გაემეორებინა, მაგრამ ლა ლიგაში გადასვლის შემდეგ, მწვრთნელები და საფეხბურთო სამყაროში ცნობილი ადამიანები მას რეალის მეკარეს, ტიბო კურტუას ადარებენ, რასაც ორი მიზეზი აქვს: სიმაღლე და სიმარდე.
ქართველი და ბელგიელი გოლკიპერები ლა ლიგაში ყველაზე მაღლები არიან და ეს ფაქტი ხელს საერთოდ არ უშლით, რომ კარის ხაზზე თავიანთ სიმარდე გამოაჩინონ, რაც გუშინდელ შეხვედრაში კიდევ ერთხელ დაამტკიცეს. კურტუამ დამატებით დროში რთული ბურთი მოიგერია, მამარდაშვილმა კი 5 სეივი მიითვალა, რომელთა შორის ვინისიუსის გამოზომილი დარტყმაც იყო. მიუხედავად ამისა, კურტუამ განსხვავება გადამწყვეტ მომენტში, თერთმეტმეტრიანების სერიაში შექმნა. ბელგიელის მიერ ნაჩვენები მაღალი დონის გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ პენალტები გიორგი მამარდაშვილის მძიმე ჯვარია. მას ვალენსიაში 15 თერთმეტმეტრიანი დაურტყეს და გოლი 14-ჯერ გაუშვა, ერთხელ კი ბურთი კარს ასცდა. რეალთან მატჩის შემდეგ, მამარდაშვილი სახლში განრისხებული დაბრუნდა. არა იმიტომ, რომ ვერც ერთი დარტყმა ვერ მოიგერია, იმიტომ, რომ მიზანთან ახლოს იყო და ისევ სანტიმეტრები დააკლდა. მამარდამ ლუკა მოდრიჩის პენალტები შეისწავლა, ბურთის აღებასთან ახლოს იყო, მაგრამ ამჯერადაც მცირედი დააკლდა. გიორგი მხოლოდ 22 წლისაა და ელიტარულ დონეზე ახლახან დამკვიდრდა. ქართველი ფეხბურთელი ისე გაიზარდა, როგორც მის კონტრაქტში ჩადებული გამოსასყიდი თანხა და მანჩესტერმა და აიაქსმა ვალენსიას კარზე უკვე დააკაკუნეს“.
შეგახსენებთ, რომ სუპერ თასის ფინალში მადრიდის „რეალი" „ბარსელონასა“ და „ბეტისს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. ტურნირის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა დღეს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.