მამარდაშვილის კარიერის მატჩი რეალთან - ვალენსია პენალტების სერიაში დამარცხდა
ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში „რეალი“ „ვალენსიას“ დაუპირისპირდა. მატჩი საკმაოდ მძიმე გამოდგა. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა და გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიამ გამოავლინა, სადაც „რეალმა“ ყველაფერი უნაკლოდ გააკეთა. ფინალში კარლო ანჩელოტის შეგირდები გავიდნენ.
გულშემატკივრებმა კარგი დაპირისპირება იხილეს. პირველ ტაიმში შედარებით უკეთესი მადრიდის „რეალი“ იყო. ანგარიში 39-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან კარიმ ბენზემამ გახსნა. სხვა მხრივ გიორგი მამარდაშვილს საქმე არ ჰქონდა.
მეორე ტაიმის პირველივე წუთზე „ღამურემბმა“ ანგარიში გაათანაბრეს და თამაში გაცილებით საინტერესო გახდა. გუნდები მომენტებს ცვლიდნენ და 70-ე წუთის შემდეგ ქართველი მეკარის დიდებული თამაში ვიხილეთ.
მამარდაშვილმა 95-ე წუთზე ვინისიუს ჯუნიორს ურთულესი ბურთი აუღო და რომ არა ის, ძირითადი დრო „ბლანკოსის“ სასარგებლოდ 2:1 დასრულდებოდა. დამატებულ ტაიმებში კი გიორგიმ ასევე ვინისიუსს და ტონი კროოსს ბრწყინვალე ბურთები აუღო და მისი წყალობით „ვალენსიამ“ პენალტების სერიამდე მიაღწია.
თერთმეტმეტრიანების სერიაში, გიორგი მამარდაშვილმა კუთხე მხოლოდ ლუკა მოდრიჩს გამოუცნო და აღებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ გოლი მაინც გავიდა. საბოლოო ჯამში, პენალტები მადრიდელებმა უკეთ შეასრულეს და 4:3 მოიგეს. „სამეფო კლუბი“ ფინალში გავიდა, სადაც „ბარსელონასა“ და „ბეტისს“ შორის მოგებულს დაუპირისპირდება.
გიორგის ყველა მომენტი "რეალთან"