“ბარსელონა ყველგან ფავორიტია“ - პელეგრინი ნახევარფინალის წინ
ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში ერთმანეთს „ბარსელონა“ და „ბეტისი“ უპირისპირდებიან. მატჩის წინ, სევილიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რა თქვა პელეგრინიმ?
„იმედი მაქვს ძალიან კარგი მატჩი იქნება. ეს გუნდები კრეატიულობას უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე დესტრუქციულობას. ეს სუპერ თასი კარგი შოუ უნდა გამოვიდეს. გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. „ბარსელონა“ სადაც არ უნდა თამაშობდეს ყველგან ფავორიტია, მაგრამ მე ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდი მყავს, რომელიც არავის არაფერს დაუთმობს.
რა თქმა უნდა, სუპერ თასის მოგება განსაკუთრებული მომენტი იქნება. „ბეტისი“ ტიტულებით განებივრებული არ არის და აბსოლუტურად ყველა თასი მნიშვნელოვანია. როდესაც ტიტულს დიდ გუნდს უგებ, ეს კიდევ უფრო სასიამოვნოა. აქ პირველად ვარ და ვთვლი, რომ საუდის არაბეთი საკმაოდ საინტერესო ქვეყანაა. იმედი მაქვს, ამას სპორტული წარმატებაც დაემატება.
ტაქტიკის შეცვლას არ ვაპირებ. არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ ვის ვეთამაშებით. „ბეტისს“ ყოველთვის თავისი ნიშან მახასიათებელი აქვს. არ არსებობს A და B გუნდი. ამ შემადგენლობით „ბეტისი“ თასის ფინალში გავიდა და მოიგო.“
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „ბეტისის“ დაპირისპირება 12 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.