ოფიციალურად - მაკარიძე მარიტიმუს ფეხბურთელია
გუშინ, პორტუგალიურმა გამოცემა Record-მა დაწერა, რომ გიორგი მაკარიძე „მარიტიმუში“ დაბრუნდებოდა. დღეს კი ეს ინფორმაცია „მარიტიმუს“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა. ქართველი მეკარე ყოფილი კლუბის ღირსებას 2024 წლამდე დაიცავს.
„მარიტიმუს“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე გომეშია და გუნდის მიზანი ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა. ჟოზე გომეში გიორგი მაკარიძეს „რიუ ავესა (2018) და „ალმერიაში“ (2020-22) წვრთნიდა. ამჯერად, პორტუგალიელ სპეციალისტს „მარიტიმუში“ უხმეს, ეს გუნდი 18-გუნდიან ჩემპიონატში 10 ქულით მე-17 ადგილზეა, უმძიმესი სეზონი აქვს, თუმცა გასავარდნი ზონიდან თავის დასაღწევად ახლა მხოლოდ 4 ქულა სჭირდება.
გიორგი მაკარიძემ 2020-21 და 2021-22 წლების სეზონები „ალმერიაში“ გაატარა, პირველ სეზონში რეგულარულად ასპარეზობდა, თუმცა გასულ სეზონში სასტარტოში ადგილი დაკარგა და ლა ლიგაში აღზევებულ „ალმერიას“ დაემშვიდობა. ბოლოს იგი „პონფერადინაში“ თამაშობდა და მიმდინარე სეზონში 22-დან მხოლოდ 7 შეხვედრაში ითამაშა.
გიორგი მაკარიძეს პორტუგალიაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. მას „ფეირენსეში“ (2014-16), „მორეირენსეში“ (2016-18), „რიუ ავესა“ (2018) და „სეტუბალში“ (2019-20) უასპარეზია.