კავაზაშვილი: „მადლობა ღმერთს, რომ უეფამ სანქციები დაგვიწესა!“
საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა. ქუთაისის „ტორპედოს“ ექს-გოლკიპერმა Legalbet-თან ილაპარაკა და აღნიშნული გადაწყვეტილებით კმაყოფილება გამოხატა.
„მადლობა ღმერთს, რომ უეფამ სანქციები დაგვაკისრა! ახლა იძულებული ვართ, სიცარიელე ჩვენი სარეზერვო ფეხბურთელებით შევავსოთ და შანსი ჩვენს აღზრდილებსა და სხვა რუს მოთამაშეებს მივცეთ“.
ცნობისთვის, კავაზაშვილმა ამ თემაზე ცოტა ხნის წინაც ისაუბრა და განაცხადა: „წლის იმედგაცრუება ის სანქციებია, რომლებიც უეფამ და ფიფამ უსამართლოდ დააწესეს და ჩვენი ეროვნული ნაკრები ყველა ტურნირიდან მოკვეთეს. ეს საფეხბურთო ცხოვრების ყველაზე საშიში და უსიამოვნო პერიოდი იყო.იმედი მაქვს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოები დაფიქრდებიან და მიხვდებიან, რომ რუსეთის გარეშე მსოფლიო სპორტი და განსაკუთრებით, ფეხბურთი არ არსებობს. ასეა, რადგან ჩვენი ქვეყანა დიდი და ყოვლისშემძლეა. ჩვენ მსოფლიო არენაზე ყოფნით, ჩვენი წარმატების ჩვენება შეგვიძლია“.
შეგახსენებთ, რომ ფიფამ და უეფამ აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო მიიღო.