რაზე ისაუბრეს სპალეტიმ და კვარამ - Il Mattino-მ მათი დიალოგის დეტალებზე დაწერა
ავტორიტეტული იტალიური გამოცემა, Il Mattino გვაუწყებს, რომ „ნაპოლის“ გუშინდელ ვარჯიშზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და ლუჩანო სპალეტის შორის დიალოგი შედგა. იტალიელი სპეციალისტის მიზანია, „კვარამ“ ძველი სათამაშო ფორმა დაიბრუნოს და ქართველ შემტევს განუცხადა, რომ რამდენიმე საათის შემდეგ, მას კიდევ დაელაპარაკება.
Il Mattino-ს მიხედვით, სპალეტიმ იცის, ხვიჩას მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები თამაშის განმაპირობებელი მიზეზი რა არის. ლუჩანო ხვდება, რომ დროებითი პრობლემები ფიზიკურმა კონდიციებმა გამოიწვია, მაგრამ „კვარას“ მიუთითა, რომ როცა მისნაირი ფეხბურთელები სასურველ კონდიციებში არ იმყოფებიან, ისინი პრაქტიკულად, „ჩვეულებრივი მოთამაშეები“ ხდებიან. იტალიელი სპეციალისტის მიზანია ხვიჩა, როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად ჩვეულ ფორმას დაუბრუნდეს და მნიშვნელოვანი მატჩის წინ მზად იყოს, რადგან „ნაპოლისთვის“ საკვანძო ფეხბურთელია.
Calcionapoli-ი დასძენს, რომ შესაძლოა, სპალეტიმ გარისკოს და კვარაცხელია ძირითადში დააყენოს, მაგრამ ეს რისკი ერთადერთი გზაა, რათა დაბრუნდეს ფეხბურთელი, რომელსაც სკუდეტოსთვის ბრძოლაში განსხვავების შექმნა შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსს“ დაუხვდება, რომელსაც ზედიზედ 8 მოგება აქვს. შეხვედრა საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.