„კარგი ჩხუბი იქნება“ - ბისპინგს თოფურია VS პიმბლეტის ხილვა ლონდონში სურს
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, მაიკლ ბისპინგმა განაცხადა, რომ UFC 286-ზე, რომელიც 18 მარტს, ლონდონში გაიმართება, ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტის დაპირისპირების ხილვა სურს. ბისპინგმა Youtube-ის საკუთარ არხზე გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა და ერთ-ერთი მათგანი „ბედის“ მომდევნო მეტოქის ვინაობა გახლდათ.
„პედი პიმბლეტი O2-ის სპორტული არენისთვის, სადაც UFC 286 უნდა გაიმართოს, ზედმეტად დიდი სახელია. მართალია, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს არენაზე გვაქვს საუბარი, მაგრამ პედი მაინც მასზე დიდია. მის მომდევნო მეტოქეს რაც შეეხება, იცით რა? მინდა, იგი ილია თოფურიას ეჩხუბოს. თოფურია ქვემსუბუქ წონით დივიზიონში გამოდის, მაგრამ მათ ისტორია და დაპირისპირება აქვთ და კარგი ბრძოლა გამოვა“.
შეგახსენებთ, რომ პიმბლეტმა ბოლოს ჯარედ გორდონის წინააღმდეგ იჩხუბა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა, რამაც MMA-ის ქომაგთა შორის დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. პიმბლეტის ფანების გარდა, ფაქტობრივად ყველამ ჩათვალა, რომ ბრიტანელი დამარცხდა და მსაჯების გადაწყვეტილება რეალობასთან ახლოსაც არ ყოფილა. ამაზე კომენტარი თოფურიამაც გააკეთა და განაცხადა, რომ პიმბლეტს საშობაო საჩუქარი გაუკეთეს.
ცნობისთვის, UFC 282-ის ეგიდით გასამართი ბრძოლისწინა პრესკონფერენციაზე პიმბლეტისა და თოფურიას დაპირისპირება ვიხილეთ. ლივერპულელმა „ელ მატადორს“ „ხელის სადეზინფექციო ხსნარი“ და „ესპანური სოსისი“ უწოდა, რის შემდეგაც ილია მასზე გაიწია, თუმცა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა შეაჩერეს.